Image

აი, იქ, იმ მთის კალთებზე ჩემი სოფელია-ძიროვანი… უკვე 20 წელია ამ მთის კალთებქვეშ ვიზრდები, ხარბად ვსუნთქავ მის ჰაერს, შევყურებ ლაჟვარდისფერ ცას და ვარ ყველაზე ახლოს ღმერთთან… რაც უფრო ხშირად და დიდი ხნით ვშორდები ჩემს სოფელს და მთას, მით მეტად მიყვარს მისი ყოველი ქვა, სუნი, ფერი ან უფრო მეტად ვხვდები, როგორ ძლიერ მყვარებია… 

ამ მთამ შობა ჩემი გვარი, პირდაპირი და გინდათ გადატანითი მნისვნელობითაც… სწორედ ამიტომ ყოველი წლის მაისის ბოლო შაბათს ამაღლებული გრძნობით მეღვიძება, რათა ეს ჩემს მოგვარეებთან ერთად აღვნიშნო…

ლეგენდა: დიდი ხნის წინათ, სვანეთში ძმებ სოფრომიანებს თავადი მოუკლავთ, სვანეთიდან გადასახლებულან და ოკრიბის პატარა სოფელში ჩასახლებილან; გვარი კი სოფრომაძედ გადაუკეთებიათ. რამდენიმე ხნის შემდეგ სოფრომაძეების გვარს ღვთის რისხვა დასტყდომიათ თავს, ახალშობილი ძე სოფრომაძეები ვერაფრით აღწევდნენ სრულწლოვან ასაკს და იღუპებოდნენ. შეძრწუნებული მოსახლეობა ერთ დღესაც ღია ცის ქვეშ შეკრებილა და უფლისთვის უთხოვიათ, ოღონდ ძე გაგვიზარდე, ჩვენ მტრედს ავაფრენთ და სადაც ის დაჯდება იქ უფლის სადიდებლად სალოცავს ავაშენებთო… მართლაც, აუფრენიათ მტრედი უხუცეს სოფრომაძეებს, რომელიც თურმე ამ მთის თავზე დაფრენილა…

სულ ხელით უზიდავთ ქვები დაბლიდან მთაზე სოფრომაძეებს, ბევრი კიდეც შეწირვია სალოცავის მშენებლობას, მაგრამ საბოლოოდ, დიდი შომის და წვალების შემდეგ მთაზე პატარა სალოცავი აუგიათ. სალოცავის აგების ბოლო დღეს სოფრომაძეებს ნადიმი გაუმართავთ, დაუკლავთ უამრავი დეკეული თუ ფრინველი. შუა ნადიმის დროს შეზარხოშებულებს ჩხუბი მოსვლიათ, იარაღად კი დეკეულის ბასრი ძვლები გამოუყენებით, ცოდვილებს ერთმანეთი სასტიკად დაუჭრიათ და სისხლი დაუღვრიათ. როცა გამოფხიზლებულან სინანულში ჩავარდნილან, მუხლებზე დამხობილან და უფლისთვის უთხოვიათ პატიება. მას შემდეგ სოფრომაძეები ყოველი წლის მაისის ბოლო შაბათს უფალს ადიდებენ და ხორცს არ მიირთმევენ.

ლეგენდა თაობიდან თაობაზე გადადის და ყველას სისხლში შეგვერია მაისის ბოლო შაბათის სიხარული… პატარა სოფელი, რომელიც თითქმის ყოველთვის ცარიელია, ამ დღეს ერთად ორად ივსება და ბედნიერობს… ძე თუ ასული სოფრომაძეების ჟრიამული ლაჟვარდისფერ

ცას ცდება და უფალთან ადის…