Image

არ ვიცოდი როგორ დამეწყო ეს პოსტი და რა მეთქვა ამ მწერალზე, თუმცა ჩემი საუკეთესო მეგობრის წინააღმდეგობის წყალობით, დამეწერა თუ არა კოელიოზე, მისმა აღშფოთებულმა კითხვამ: ,,დამწყები მკითხველი ხომ აღარ ხარ?” მაგრძნობინა რაც უნდა მეთქვა.🙂 გამოჩნდა თუ არა პაოლო კოელიო მსოფლიო ლიტერატურის სარბიელზე, მასამ მაშინვე აიტაცა მისი შემოქმედება; საქართველოშიც დიდი გამოხმაურება მოჰყვა მის წიგნებს თუ ნოველებს, ჟურნალისტები მონაცვლეობით სტუმრობდნენ ინტერვიუზე და აღფრთოვანებით საუბრობდნენ მის გენიოსობაზე… თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, კრიტიკის ტალღამ აქაც არ დააყოვნა და ახლა კოელიო მდარე და უგემოვნო მწერლად ითვლება.
რამდენიმე დღის წინ სადღაც ფორუმზე ვკითხულობდი რომ, ყველაფერი ის რასაც მასა იტაცებს უგემოვნოა, ამ ,,რკინის ლოგიკით” თუ ვისარგებლებთ სტენდალი, ბალზაკი და დოსტოევსკიც (რომელიც მე მართლა არ მომწონს…) უგემოვნობის უღელქვეშ მოექცევა. საერთოდ რას ნიშნავს გემოვნება? მე ვფიქრობ გემოვნება პირობითი ცნებაა. თუ მე ვუსმენ ჯაზს, ეს არ ნიშნავს ვინც რეპს უსმენს ჩემზე უგემოვნოა, ან თუ მე ვკითხულობ დოსტოევსკს და შენ კოელიოს, არც ესაა შენი უგემოვნობა, მთავარია, რასაც უსმენ, რასაც ხედავ, რასაც კითხულობ შენთვის იყოს რაღაცის მომცემი და სტიმული. მაინც რატომ კითხულობს ადამიანი წიგნს? – ზოგი იმისთვის რომ ვიღაცამ მასზე იფიქროს თუ როგორი ნაკითხია, ზოგიც იმისთვის რომ თავისუფალი დრო მოკლას, ზოგიც იმისთვის რომ ოდნავ მაინც შეიცვალოს, ოდნავ უკეთესი გახდეს და რაზეც ადრე არ უფიქრია-დაფიქრდეს… რას ვფიქრობ მე კოელიოზე? – ვიღაც ამბობს რომ ის მარკესის გავლენას განიცდის-ვეთანხმები! ვიღაც ამბობს რომ ის მდარე მწერალია-არ ვეთანხმები! ვიღაც ამბობს რომ მის ნაწარმოებებს არაფრის მოცემა არ შეუძლიათ-არ ვეთანხმები! ის წერს ძალიან მარტივად, თავისუფლად, მის ნაწარმოებში შეხვდებით გაცვეთილ ჭეშმარიტებას, თუმცა ყოველთვის აუცილებლად წასაკითხს და შესაგნებს. კითხულობ ჰაეროვნად და არ იღლი ტვინს ზედმეტი ჩაღრმავებებით, აწყდები უამრავ ისეთ იგავს თუ ფრაზას, რომელიც გაგაღიმებს, რადგან ის ზუსტად ასახავს იმ ფიქრს, იმ აზრს რომელსაც შენ ფიქრობ და იზიარებ. როცა მე მეგობრებთან საუბრისას პაოლოს ერთი ნაწარმოებიდან ფრაზა გავიხსენე, მათ მითხრეს: ,,ეს მარკესია” -არა, ეს კოელიოა, თუმც რა მნიშვნელობა აქვს ეს მარკესი იქნება, კოელიო, თუ ვინმე სხვა, მთავარია ვიღაცამ თქვა ის, რაც ჩემთვის, შენთვის და მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია. მე არ ვამტკიცებ რომ საქმე ,,ბუმბერაზ” მწერალს ეხება, (თუმცა ესეც პირობითია) უბრალოდ მოვიყვან რამდენიმე ფრაზას თუ იგავს მისი იმ ნაწარმოებებიდან, რომელიც მე წავიკითხე და დამამახსოვრდა, თქვენ კი ჩათვალეთ რომ მე უგემოვნო ვარ!..🙂
* * *
ერთი ესპანელი მისიონერი რომელიღაც კუნძულზე სამ აცტეკ ქურუმს შეხვდა
-ლოცვა იცით?-ჰკითხა მათ.
-მხოლოდ ერთი,-უპასუხა ამ სამთაგან ერთ-ერთმა – ჩვენ ყოველ დღე ასე ვლოცულობთ:,,უფალო, შენ სამება ხარ, ჩვენც სამნი ვართ, შეგვიწყალე ჩვენ”
-კარგია, -უთხრა მისიონერმა, -მაგრამ არა მგონია თქვენი ლოცვა უფალს მისწვდეს, მოდით მე უკეთეს ლოცვებს გასწავლით.
ასწავლა კათოლიკური ლოცვები და უფლის სიტყვების გასამრავლებლად მისიონერმა გზა განაგრძო. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა უკან, ესპანეთში ბრუნდებოდა, ისე მოხდა რომ გემმა სწორედ იმ კუნძულს ჩაუარა გვერდით. მისიონერმა გემბანიდან დაინახა ნაპირზე მდგარი ქურუმები და ხელი დაუქნია.
ამავე წამს ქურუმებმა წყალზე გამოიარეს და გემს მიუახლოვდნენ.
-პადრე, პადრე, -იყვირა ერთ-ერთმა, სულ ახლოს რომ მივიდა გემბანთან, – ის ლოცვა ვერ დავიმახსოვრეთ და იქნებ კიდევ ერთხელ გვასწავლო.
-არა უშავს…-უპასუხა მისიონერმა და გულში პატიება სთხოვა უფალს, უმთავრესს რომ ვერ ჩასწვდა: უფალი ყველა ენაზე საუბრობს!
* * *
იყვნენ ამ ქვეყნად გოგო და ბიჭი, რომელთაც ერთმანეთი უყვარდათ. მათ დაქორწინება გადაწყვიტეს. პატარძალმა და ნეფემ კი, წესისამებრ, ერთმანეთს საჩუქრები უნდა მიართვან.
ბიჭი ღარიბი იყო და ერთადერთი სიმდიდრე ჰქონდა-ოქროს საათი, რომელიც პაპისგან დარჩენოდა. მან გადაწყვიტა, საათი გაეყიდა და შეყვარებულისთვის სავარცხელი ეყიდა.
საჩუქრის საყიდლად არც გოგოს ჰქონდა ფული, ამიტომ იმ ქალაქის ერთ მდიდარ ვაჭართან მივიდა და თავისი ულამაზესი თმა მიჰყიდა, იმ ფულით კი თავის შეყვარებულს ოქროს საათის ძეწკვი უყიდა.
და როცა ისინი ქორწილის დღეს ერთმანეთს შეხვდნენ, დედოფალმა სიძეს საათის ძეწკვი აჩუქა, ნეფემ კი-სავარცხელი, მაგრამ ორივეს უკვე გაეფანტა საკუთარი სიმდიდრე…
* * *
ერთი კაცი ძველ მეგობარს შეხვდა, რომელიც ყველანაირად ცდილობდა, ცხოვრებისთვის ფეხი აეწყო, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ,,ცოტა ფული უნდა მივცე”-გაიფიქრა კაცმა და ისე მოხდა რომ იმავე საღამოს ახალი ამბავი გაიგო, მისი მეგობარი გამდიდრებულიყო და წლობით დაგროვილი ვალები გადაეხადა.
ერთ დრესაც ისინი ერთად შევიდნენ ბარში, სადაც ადრე უყვარდათ ყოფნა და მისმა მეგობარმა ბარში მყოფნი სასმელზე დაპატიჟა. ყველა გაოცებული ეკითხებოდა, როგორ მიაღწია ასეთ წარმატებას, მან კი უპასუხა, რომ აქამდე ისე ცხოვრობდა, როგორც ,,სხვა”.
-როგორ თუ სხვა?-ჰკითხეს მათ.
-,,სხვა” -ეს ის ადამიანია ჩვენში, როგორსაც გვზრდიდნენ, როგორიც უნდოდათ რომ ვყოფილიყავით და არა ის, როგორიც ვართ სინამდვილეში. ის ,,სხვა” ჩემში დარწმუნებული იყო რომ ადამიანს შავი დღისთვის უნდა შეეგროვებინა ფული, ამიტომ მთელი სიცოცხლე იკლებდა ყველაფერს, ფულს აგროვებდა, რათა ბოლოს, სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში მიმხვდარიყო რომ ყველაფერი ხელიდან გაუსხლტა და ბედნიერებისთვის ფული საკმარისი არ იყო.
-აბა, შენ ვინ ხარ?-ჰკითხეს ნაცნობებმა.
-მე ისეთი ვარ, როგორიც ყველა ადამიანი, ვინც გულისხმას უსმენს, ამქვეყნიური სასწაულებით და ცხოვრების მისტერიით მოხიბლული ადამიანი, რომელიც ყველაფერს სიყვარულითა და შთაგონებებით აკეთებს. დღემდე იმედგაცრუების შიშით აღვსილი ,,სხვა” კი ამის საშუალებას არ მაძლევდა.
-მაგრამ ტანჯვაც ხომ არსებობს?-ისევ შეეკითხნენ ნაცნობები.
-ცხადია, არსებობს დამარცხებებიც და ამ ქვეყნად ამისგან არავინ არის დაზღვეული. ამიტომ ჯობია შჭენი ოცნებების მისაღწევად იბრძოლო და ბრძოლაში დამარცხდე, ვიდრე უბრძოლველად გეწვიოს დამარცხება და ვერც კი გაიგო რა იყო ამის მიზეზი.
-სულ ეს არის?
-სულ ეს არის…
* * *
ღმერთი ერთია, თუმცა კი უამრავი სახელი აქვს, ბუდა, ბრაჰმა, ალაჰი, იესო… და სწორედ შენ, მხოლოდ შენ გრჩება არჩევანი, რომელი სახელით მიმართავ მას… საბოლოოდ ყველა გზა უფალთან მიდის.
* * *
უბედურია ადამიანი ვისაც სასწაულების არ სჯერა, მაგრამ კიდევ უფრო უბედურია ის, ვინც სასწაულის შესაძლებლობებს დაიჯერებს, მაგრამ სასწაულის მოხდენის საშუალება აღარ აქვს. სასწაულებრივ წამებს უკან ვეღარასოდეს დაიბრუნებს.