პოლიტიკური რეპრესიები რუსეთში 1917 წლიდან, ხოლო საქართველოში 1921 წლიდან დაიწყო. პოლიტიკური რეპრესიები ძალაუფლების შენარჩუნების მიზეზით, სულ უფრო ძლიერდებოდა, მაგრამ განსაკუთრებულად ფართო მასშტაბებს 30-იანი წლების შუა ხანებში მიღწია. 30-იანი წლების რეპრესიების მასშტაბურობა და სისასტიკე განპირობებული იყო რამდენიმე მიზეზით: მოსახლეობის უმრავლესობას, რომელთაც მართლაც ჰქონდათ რწმენა იდეოლოგიის და სოციალისტური წყობის შექმნისა, იმედი გაუცრუვდა. სოციალისტური სისტემის ნაცვლად მათ თვალწინ ჩამოყალიბდა ძალმომრეობაზე დამყარებული სისტემა, რომელიც ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს და ადამიანს აქცევდა პოლიტიკური სისტემის ბრმა შემსრულებლად; კომუნისტურ პარტიაში სტალინის კურსს მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ; ძველი ინტელიგენცია, რომელიც არასდროს შერიგებია საბჭოთა სისტემას. ყველა ამ მიზეზთა გამო ქვეყანაში ჩამოყალიბდა ძლიერი ოპოზიციური აზრი, რაც დიდ საფრთხეს უქმნიდა კომუნისტურ პარტიას.
     იოსებ სტალინმა და მისმა თანამოაზრეებმა გადაწყვიტეს, პოლიტიკური სისტემის შენარჩუნების მიზნით, დაეწყოთ დიდი პოლიტიკური რეპრესიები. პოლიტიკურ რეპრესიებს საქართველოში ატარებდა ლავრენტი ბერია, რომელიც ჯერ ამიერკავკასიის ფედერაციულ რესპუბლიკას, ხოლო შემდგომ საქართველოს კომუნისტურ ორგანიზაციას ედგა სათავეში და,  ფაქტობრივად, ერთპიროვნულად წყვეტდა ყველა საკითხს.
    30-იანი წლების რეპრესიები შეეხო ყველა კლასს და სოციალურ ფენას, მაგრამ განსაკუთრებით დაზარალდა ინტელიგენცია. რეპრესიის მსხვერპლნი გახდნენ გამოჩენილი მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი, ცნობილი დირიჟორი ევგენი მიქელაძე, ლიტერატურათმცოდნე ვახტანგ კოტეტიშვილი, სახელგანთქმული პოეტები პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე და სხვები. ქართული კულტურის მოღვაწეთა დიდმა ნაწილმა მრავალი წელი გადასახლებებში და ციხეებში გაატარა. პოლიტიკური რეპრესიები უმკაცრესად შეეხო ქართველ ბოლშევიკებსაც, სიკვდილით იქნა დასჯილი: მიხეილ კახიანი, მამია ორახელაშვილი, ლევან ღოღობერიძე, ბუდუ მდივანი, მიხეილ ოკუჯავა, სამსონ მამულია და სხვები.

    მიხეილ  საბას ძე ჯავახიშვილი  (ნამდვილი გვარი ადამაშვილი) დაიბადა 1880 წლის 8/20 ნოემბერს მარნეულის რაიონ სოფელ წერაქვში.  ის XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი  მწერალი და  თვალსაჩინო საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე იყო.

   1930 წელს ჯავახიშვილი დაუპირისპირდა ტროცკისტ მალაქია ტოროშელიძეს, საქართველოს  მწერალთა კავშირის პრეზიდენტსა და განათლების სახალხო კომისარს, ამ უკანასკნელის მიერ ქართული ლიტარატურის კლასიკის აკრძალვის გამო. ლავრენტი ბერიას ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს აკრძალვა მოიხსნა და ჯავახიშვილმაც მცირე ხნით მხარდაჭერა მიიღო. მისი „არსენა მარაბდელი“ ხელმეორედ გამოიცა, დაიდგა თეატრში და გამოვიდა ფილმად. თუმცა 1936 წელს „ქალის ტვირთის“, სოცრეალისტური  რომანის ადრეული ნიმუში, გამოქვეყნების შემდეგ ბოლშევიკ აქტივისტთა მწვავე კრიტიკას ვერ გაექცა.

   ამ ნაწარმოებში აღწერილია რევოლუციონერი, თუმცა თავადის ქალი, ივდითი, რომლის საყვარელი, მიწისქვეშა ბოლშევიკი მუშა — ზურაბი, დაარწმუნებს მას მეფის ჟანდარმერ ავშაროვს გაჰყვეს ცოლად და მოკლას იგი. საბჭოთა იდეოლოგმა ვლადიმირ ერმოლოვმა რომანი დაგმო, ვინაიდან, მისი აზრით, ის ბოლშევიკებს ტერორისტებად ასახავდა რევოლუციამდელ საქართველოში. უფრო მეტიც, გაჩნდა ეჭვი, რომ ჯავახიშივლმა გააფრთხილა მწერალი გრიგოლ რობაქიძე  მისი დაპატიმრების განკარგულების შესახებ და 1930 წელს გერმანიაში გაქცევაში დაეხმარა. საქმე კიდევ უფრო გართულდა 1936 წელს — მან ღიად შეაქო ფრანგი მწერალი ანდრე ჟიდი, რომლის „Retour de l’URSS“ და მასში მოყვანილ ქართველ მწერალთა დახასიათება, ჟიდსა და ჯავახიშვილს ხალხის მტრების კვალიფიკაციას ანიჭებს.

   1937 წლის 22 ივლისს მწერალთა კავშირის შენობაში პაოლო იაშვილმა  თავი მოიკლა. კავშირის სხდომამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც პოეტის საქციელი ანტისაბჭოთა პროვოკაციად შერაცხეს. ჯავახიშვილი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც პოეტის გამბედაობას მხარი დაუჭირა. ოთხ დღეში, 26 ივლისს, კავშირის პრეზიდიუმმა კენჭის ყრით მიიღო გადაწყვეტილება: „მიხეილ ჯავახიშვილი, ჯაშუში და დივერსანტი, განდევნილ იქნას მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს“. მისი მეგობრები და კოლეგები, მათ შორის ციხეში მყოფნიც, აიძულეს ეღიარებინათ ჯავახიშვილი, როგორც კონტრ-რევოლუციონერი ტერორისტი. მხოლოდ კრიტიკოსმა გერონტი ქიქოძემ დატოვა კავშირის სხდომა პროტესტის ნიშნად.

   მწერალი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს და ბერიას თანდასწრებით წამების ქვეშ ხელი მოაწერინეს „აღიარებაზე“. სასჯელი აღსასრულში მოიყვანეს დახვრეტით იმავე წლის 30 სექტემბერს. მწერლის არქივი განადგურდა, ხოლო მის ქონებას კონფისკაცია გაუკეთდა. მოგვიანებით მისი ძმაც დახვრიტეს, მეუღლე კი გადაასახლეს.

   აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 1917 წლიდან ჯავახიშვილი აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ მოძრაობაში. აღნიშნული წლიდან იგი იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და შედიოდა ამ პარტიის მთავარ კომიტეტში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის  (1918—1921) ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის (1921 წლის თებერვალი-მარტი) შემდეგ იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე: 1922—1924 წლებში იგი შედიოდა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტში  და აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების  მომზადებაში.

   ჯავახიშვილზე ცენზურა მხოლოდ 1950-იანი წლების ბოლოს მოიხსნა. რეაბილიტაციის შემდეგ კვლავ გამოიცა მისი ნაწარმოებები.

    ტიციან ტაბიძე  დაიბადა 1895 წლის 2 აპრილს დასავლეთ საქართველოში, სოფელ შუამთაში – ორპირის მახლობლად. მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1917 წელს, ტიციანი მცირე ხანს თბილისში, გაზეთ ,,საქართველოს“ რედაქციაში მუშაობდა. გაზეთის ფურცლებზე მან მრავალი კორესპოდენცია და პუბლიცისტური სტატია გამოაქვეყნა, რომლებშიც თავისებურად აანალიზებს მაშინდელ რთულ პოლიტიკურ, ეროვნულ დასოციალურ მოვლენებს. სტუდენტობის წლებშივე ტიციანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ,,ცისფერი ყანწების“ ლიტერატურული ჯგუფის დაფუძნებასა და ამავე სახელწოდების ჟურნალის გამოცემაში. ქართული სიმბოლიზმის დამფუძნებელი მწერლები მისი ახლო მეგობრები იყვნენ და პოეტი ჯერ კიდევ ქუთაისის გიმნაზიაში მოწაფეობის წლებში გაეცნო და  დაუმეგობრდა თითქმის ყველა  მათგანს. იგი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა მნიშვნელოვანი კულტურულ – ლიტერატურული პრობლემების გადაჭრაში.

  ტიციან ტაბიძე 1937 წელს ანტისაბჭოთა მოღვაწეობის აბსურდული ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს.
  სხვა ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიტოვეს.

   ევგენი მიქელაძე 1903 წლის 27 ივნისს დაიბადა. ის ქართველი დირიჟორი და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე იყო. 1931–1937 წლებში ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი გახლდათ. 1933–1937 წლებში ხელმძღვანელობდა მის მიერ დაარსებულ საქართველოს სიმფონიურ ორკესტრს.

   1937 წლის 4 ნოემბერს, ევგენი მიქელაძე “ლატავრას” გენერალურ რეპეტიციის დროს, თბილისის ოპერის თეატრიდან აიყვანეს. იმავე დღეს დააპატიმრეს მისი მეუღლე ქეთევანიც და გადასახლება მიუსაჯეს. ის საქართველოში მრავალი წლის შემდეგ დაბრუნდა.

 ,,უეცრად გაიღო კარი და გაისმა:

– თქვენ გთხოვენ, ევგენი სიმონის ძევ.

– მოითმინონ  –  დარბაისლურად უპასუხა მიქელაძემ

  ცოტა ხნის შემდეგ, კარი კვლავ გაიღო, ამჯერად უკვე ჩეკას ფორმიანმა შემოიხედა და მიმართა დირიჟ ორს.

– ევგენი სიმონის ძე, გთხოვთ გამობრძანდეთ.“

   ევგენი მიხვდა, რისთვისაც შეაწუხეს ღამის თორმეტ საათზე. ზანტად წამოდგა და გაემართა კარისკენ. დამსწრენი გაინაბნენ, ბუზის  გაფრენის ხმაც კი ისმოდა. ჩეკისტი სწვდა მიქელაძის   შრომის წითელი დროშის ორდენს და ჩამოგლიჯა.  მიქელაძის ადგილისკენ მიემართება შალვა აზმაიფარაშვილი და იკავებს ყოფილი ხელმძღვანელის ადგილს. აზმაიფარაშვილმა  თამამად და ყველასათვის მოულოდნელად განაცხადა: “ამხანაგებო, განვაგრძოთ მუშაობა, ხალხის მტერს ასე მოუხდება.”

   უშიშროების საგამოძიებო საქმეში ვკითხულობთ “ერ. გორდელაძისგან მიღებული დავალების შესრულების მიზნით, ბრალდებული მიქელაძე მავნებლურ მუშაობას ეწეოდა, ფალიაშვილის სახელობის თეატრში, რაც გამოიხატებოდა თეატრის მუშაობის დეზორგანიზებაში, ინტრიგებისა და კინკლაობის მოწყობაში თანამშრომლებს შორის და დადგმების მიმართ კრიზისული ვითარების შექმნაში, თეატრის  სამხატვრო გეგმის  ჩაშლაში”.

  ევგენი მიქელაძის აღსასრულის შესახებ, საშინელი გადმოცემები არსებობს. მას თვალები დასთხარეს. თვალებდათხრილი მუსიკოსის დაგითხვას ლავრენტი ბერიაც ესწრებოდა. დაბრმავებული დირეჟორისთვის უკითხავს: “კიდევ ამბობ რომ ხალხის მტერი არ ხარ?” მიქელაძეს უპასუხია:  ლავრენტ პავლეს ძევ, არასოდეს  ვყოფილვარ ქვეყნის და ხალხის მტერი.

– საიდან იცი, რომ ლავრენტი ბერია ვარ? – გაიკვირვა მეორე ქართველმა.

–  კარგი სმენა მაქვს და ხმაზე გიცანით –  უპასუხა მიქელაძემ. ამ სიტყვებზე ბერიას, მისთვის რკინის ჯოხები გაუყრია ყურებში. თუ რა თარიღს იქნა ევგენი მიქელაძე მოკლული, დღემდე უცნობია. როგორც ამბობენ, ამ ოჯახის მიმართ ლავრენტი ბერიას პირადი წყენა ჰქონია, რაც დაკავშირებული იყო ევგენი მიქელაძის მეუღლესთან, რომელმაც  გაუბედა და უარი უთხრა პირველ ჩეკისტს.

   შალვა ნუცუბიძე1988 წლის 14 დეკემბერს სოფელ ფარცხანაყანებში დაიბადა.ის გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი, ლიტერატურათმცოდნე, კულტურის ისტორიკოსი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე, ქართული ფილოსოფიის ისტორიის მეცნიერული სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის  აკადემიკოსი (1944), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ერთ-ერთი დამაარსებელი, მისი პრორექტორი და  უნივერსიტეტის ფუნდამენტალური ბიბლიოთეკის დირექტორი იყო.

   1919-1921 წლებში შალვა ნუცუბიძე იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) წევრი საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიიდან. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის (1921 წლის 25 თებერვალი) შემდეგ იგი მუდმივად განიცდიდა დევნას საბჭოთა რეჟიმის მხრიდან: დაპატიმრებული იყო 1921 და 1938-1940  წლებში, 1953-1960 წლებში გაძევებული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ჩამორთმეული ჰქონდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსობა. თუმცა, საბედნიეროდ მისი გადასახლება ან დახვრეტა უარყოფილი იქნა მისივე ნათარგმიდ ,,ვეფხისტყაოსნის“ წყალობით. საკანში მყოფმა შალვა ნუცუბიძემ რუდულ ენაზე თარგმნა აღნიშნული პოემა, რომელიც შემდეგ სტალინმა გამოაცემინა. შალვა ნუცუბიძე 1969 წლის 6 იანვარს, თბილისში გარდაიცვალა. დაკრძალულია თსუ-ის ბაღში.

   პაოლო (პავლე) იაშვილი1894 წლის  29 ივნისსგამოღმა არგვეთში დაიბადა. ის ქართველი პოეტი, მთარგმნელი და ესეისტი იყო.

  ქართველ მწერალთაგან პირველი, რომელიც რეპრესიებმა შეიწირეს, პაოლო იაშვილი იყო. ეს ტრაგედია მოულოდნელი არ ყოფილა. იგი საკამაოდ დიდი ხნის მანძილზე, ნელ-ნელა და თანდათანობით მზადდებოდა. გარდა შემოქმედებითი დისკუსიებისა, რომელიც ბოლო ხანს პაოლოს უმართავდნენ ხოლმე “იდეოლოგიური მავნებლობის” გამო, მკაცრად აკრიტიკებდნენ ახლო ურთიერთობისათვის “ხალხის გამომჟღავნებულ მტრებთან”: ჯიქიასთან, ლომინაძესთან, ელიავასთან, აღნიაშვილთან. ხშირად იმართებოდა სხდომები, სადაც მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი მსჯელობდა პოეტის “მოღალატებრივ საქმიანობაზე”. ბრალმდებლებად იქცნენ ძველი მეგობრები თუ თანამოაზრენი, ზიზღნარევი აღშფოთებით გმობდნენ “ხალხის მტრისა და დივერსანტის” საქციელს და კატეგორიულად უსვამდნენ საკითხს, თუ მართალი ხარ-დაგვიმტკიცეო. ასე თანდათანობით მზადდება საფუძველი პაოლო იაშვილის ტრაგედიისათვის.

   თუმცა პაოლო იაშვილმა დაპატიმრებას დაასწრო და მწერალთა სახლში, 1937 წლის 22 ივლისს თავი მოიკლა. . მწერალთა სასახლეში დატრიალებული ტრაგედიით სულშეძრულ და აცრემლებულ მიხეილ ჯავახიშვილს  უთქვამს: “ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობა”-ო. საბჭოთა ხელისუფლებამ, სხვა რომ ვერაფერი იღონა, მკვდარი პოეტიც არ დაინდო და მას სასამართლო მოუწყო.

   ალექსანდრე (სანდრო) ვასილის ძე ახმეტელი  1886 წლის 14 აპრილს სოფელ ანაგაში დაიბადა. ის გამოჩენილი ქართველი რეჟისორი, თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი და საქართველოს სახალხო არტისტი იყო.

   ახმეტელის მიერ შექმნილ სპექტაკლებში აისახა გრანდიოზული ისტორიული მოვლენების შედეგად დამყარებული ახალი საზოგადოების დამოკიდებულებანი, ჩაგვრისაგან განთავისუფლებული ადამიანის ინდივიდუალობა. მის შემოქმედებაში ვლინდებოდა თანამედროვე თეატრის ამაღლებული სული, ჰეროიკა, ქართული ხალხური თეატრის იმპროვიზიციული თავისებურებები. ემოციურობა, გამომგონებლობა, ჰარმონიულობა, დინამიკურობა, ოსტატურად დადგმული მასობრივი სცენები, რომლებშიც ფართოდ იყენებდა ქართული სიმღერებსა და ცეკვებს.

  სანდრო ახმეტელი თავისუფალი აზროვნებისთვის იდევნებოდა. ათი წელი გრძელდებოდა მისი დამუშავება ლავრენტი ბერიას უშუალო ხელმძღვანელობით. ყველაზე ტრაგიკული აღმოჩნდა მისთვის 1930 წლის წარმატებები მოსკოვის თეატრში. “ლამარას” ნახვის შემდეგ იოსებ სტალინსაც სხვანაირი აზრები გაუჩნდა მის მიმართ. რეჟისორული გადაწყვეტითა და ეროვნული სულისკვეთებით საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო გრიგოლ რობაქიძის “ლამარამ”. საბჭოთა ხელმძღვანელების მოთხოვნის მიუხედავად, ახმეტელმა უცხოეთში ემიგრირებული რობაქიძის პიესა რეპერტუარიდან არ მოხსნა, რაც თეატრში ნაციონალური სულის მკაფიო გამოხატულებად მიიჩნიეს. 1930 წელს, ბერიას უშუალო ბრძანების საფუძველზე, რუსთაველის თეატრი საზღვარგარეთ გასტროლებზე არ გაუშვეს.

   ბერიამ ისარგებლა იმ დაპირისპირებით, რომელიც რუსთაველის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელსა და თეატრის წამყვან მსახიობებს აკაკი ხორავასა და აკაკი ვასაძეს შორის არსებობდა და ყველანაირად ეცადა, კიდევ უფრო გაეღრმავებინა კონფლიქტი.

  შუღლი თეატრალებს შორის იმით დასრულდა, რომ სანდრო ახმეტელმა აკაკი ვასაძე დააქვეითა, ხოლო აკაკი ხორავა საერთოდ გააძევა თეატრიდან. ახმეტელმა არ შეასრულა ბერიას უშუალო ბრძანება და ხორავა და ვასაძე თავიანთ ძველ თანამდებობებზე არ აღადგინა. ბერიას მიმართ გამოცხადებულმა ამ დაუმორჩილებლობამ სანდრო ახმეტელის შემოქმედებასა და ცხოვრებას წერტილი დაუსვა. სანდრო ახმეტელი რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

   სანდრო ახმეტელი სამუშაოდ მოსკოვში, “მწვანე თეატრში” გადავიდა. სამშობლოდან განდევნილი რეჟისორი მოსკოვის თეატრალურმა საზოგადოებამ დიდი სიხარულით მიიღო, მაგრამ იგი სასჯელს მაინც ვერ გადაურჩა. სწორედ “მწვანე თეატრში” 1936 წლის 19 ნოემბერს აიყვანეს სანდრო ახმეტელი და მოსკოვიდან თბილისში იქნა ეტაპირებული. მისი დაპატიმრების შესახებ დადგენილება 1936 წლის 5 დეკემბერს გამოიცა, თავად ახმეტელს წარედგინა 7 დეკემბერს – დაკავებიდან 18 დღის შემდეგ. სანდრო ახმეტელი პროკურორის სანქციის გარეშე დააპატიმრეს. პროკურორს მონაწილეობა არ მიუღია არც წინასწარ გამოძიებაში და არც სასამართლო პროცესში.

   222 დღე გრძელდებოდა მისი წამება. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ პირველი სამი თვის განმავლობაში ის ყველა ბრალდებას უარყოფდა, მაგრამ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ ყველა წაყენებული ბრალდება აღიარა. ბერიას მითითებით, სასტიკი წამებისგან დაუძლურებული სანდრო ახმეტელი ღია მანქანით რუსთაველზე გაატარეს, რათა ხალხს ენახა, რა ბედი ელოდა “ხალხის მტერსა და მავნებელს”. ბერიას ეს აქტი მიზნად ისახავდა თეატრის წინ საგანგებოდ გამოყვანილი მსახიობების დაშინებასაც.

  კომუნისტურმა რეჟიმმა სანდრო ახმეტელი ინგლისის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულა. ამასთანავე, მას ტროცკისტულ-ზინოვიევური ორგანიზაციის წევრობა და ხელოვნების სფეროში მავნებლური საქმიანობა ედებოდა ბრალად: თითქოს ახმეტელს, სხვა რესპუბლიკების ეროვნული თეატრების ხელმძღვანელობის ხელშეწყობით, მეამბოხეთა სამხედრო დაჯგუფებები ჰქონდა შექმნილი ბაქოში, სოხუმში, გროზნოსა და თბილისში. ტერორისტულ ორგანიზაციაში თანამონაწილეობა არ აკმარეს და რეჟისორს ისიც კი დააბრალეს, რომ ლავრენტი ბერიასა და იოსებ სტალინის ფიზიკური განადგურება ჰქონდა განზრახული. დააპატიმრეს მეუღლეც თამარ წულუკიძე-ახმეტელი.

   1937  წლის 28 ივნისს ალექსანდრე ახმეტელს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა (ქონების კონფისკაციით); ხოლო თამარ წულუკიძე-ახმეტელს – ათი წლით თავისუფლების აღკვეთა.

   სანდრო ახმეტელი 1937 წლის 29 ივნისს დახვრიტეს.

   გრიგოლ წერეთელი1870 წლის 12/25 მარტს დაიბადა პეტერბურგში. ის   ქართველი მეცნიერი, პაპიროლოგიის  ერთ–ერთი დამფუძნებელი, ქართული კლასიკური ფილოლოგიური სკოლის დამფუძნებელი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე და საპატიო პროფესორი იყო.

   1920–1937 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის გამგე და პროფესორი გახლდათ. 1923–1931 წელს კი ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი.

   ის ივანე ჯავახიშვილის ჯავხიშვილის მოწვევით ჩამოვიდა თბილისის უნივერსიტეტში, მანამდე იგი ტარტუში მოღვაწეობდა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ პაპიროლოგად ითვლებოდა. დაწერილი ჰქონდა გიგანტური “ბერძნული ლიტერატურის ისტორია”, თარგმნილი ჰქონდა აუარება ძველბერძენი პოეტი, აპოლონიოს როდოსელი არგონავტიკა. საქართველოში ასევე ბიზანტინისტიკას ჩაუყარა საფუძველი, დისციპლინას, რომელსაც დღემდე ყველაზე ღირსეული ადგილი ეკავა ქართულ ჰუმანიტარულ მეცნიერებებში (ენათმეცნიერებასთან ერთად. “დღემდე” იმიტომ, რომ საერთოდ ძნელი წარმოსადგენია თანამედროვე ხელისუფლების პირობებში ჰუმანიტარები საერთოდ გაახსენდეს ვინმეს). გრიგოლ წერეთელი ცნობილმა რუსმა ისტორიკოსმა, “სახელოვანმა” ტარლემ ჩაუშვა, 1938 წელს იგი სადღაც მიწისქვეშეთში მოკლეს. არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ თავში ლურსმანი ჩააჭედეს.

  ვახტანგ კოტეტიშვილი ქართველი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ფოლკლორისტი, მოქანდაკე  და ხელოვნებათმცოდნე იყო. ის სოფელ დიდ თონეთში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. სწავლობდა პეტერბურგის ფსიქო-ნევროლოგიურ ინსტიტუტში, შემდეგ ტარტუს უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. იქვე დაიწყო თავისი პედაგოგიური მოღვაწეობა. 1926 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ჯერ ფოლკლორის, შემდეგ კი მისივე ინიციატივით შემოღებულ პოეტიკის კურსს. იყო მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის წევრი, გაზეთ “ქართული სიტყვის” რედაქტორი. საქართველოს ხელოვნების მთავარი კომიტეტის წევრი, ქართველ მხატვართა საზოგადოების თავმჯდომარე, საქართველოს მუზეუმის დირექტორის მოადგილე. 

   პირველი ლიტერატურული წერილი 1912 წელს გამოაქვეყნა და არჩილ მეფისა და დავით გურამიშვილის შემოქმედებას ეხებოდა. შექმნა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორია. იყო იმ დროს პოპულარული ლიტერატურული დაჯგუფების “აკადემიური მწერლობის კავშირის” წევრი.

   ვ. კოტეტიშვილმა საქართველოში საფუძველი ჩაუყარა ფოლკლორის მეცნიერულ კვლევას. აწყობდა ექსპედიციებს, საქართველოს მუზეუმთან ჩამოაყალიბა ფოლკლორის განყოფილება. მას ეკუთვნის მრავალი გამოკვლევა ფოლკლორისტიკასა და მითოლოგიაში. 

   1934 წელს გამოსცა ქართული “ხალხური პოეზიის” I ტომი. 

   1937 წელს ემსხვერპლა სტალინურ რეპრესიებს, დასაფლავების ადგილი უცნობია. 

  გარდა ამ ჩამონათვალისა, არსებობდნენ ისეთი ადამიანებიც, რომლების დახვრეტას, გადასახლებას და საერთოდ, რეპრესიებს მხოლოდ იმიტომ გადაურჩნენ, რომ მათი შემცვლელები ვერ გამოძებნეს; ასეთები იყვნენ: ივანე ჯავახიშვილი, აკაკი შანიძე, არნოლდ ჩიქობავა,  გ. ახვლედიანი.