თავიდან დავიწყოთ იმით, რომ   რაც არ უნდა სამარცხვინოდ ჟღერდეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მესამე კურსის სტუდენტს ჯორჯ ორუელის ,,ცხოველების ფერმის“  შესახებ არაფერი მქონდა გაგონილი სანამ ,,დემოკრატიამ და მოქალაქეობამ“ მასზე საკუთარი აზრის დაფიქსირება არ ,,მომთხოვა“… საჭიროებამ მოითხოვა თუ არა ,, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“ პრინციპით გულდამშვიდებულმა გრძელი რიგი დავიკავე აღნიშნული ნაწარმოების მსურველთა რიგებში და შევიძინე კიდეც…

    პირველივე ფურცლიდან მივხვდი რომ მას ,,ვიღაც“ ჯორჯ ორუელი კი არა თავად მე ვწერდი; და ვწერდი არა გუშინდელზე, არამედ დღევანდელზე…

  მოთხრობის სიუჟეტი ასე ვითარდება: მანორის ფერმის ცხოველები პატრონს აუჯანყდებიან და იწყებენ ,,ანიმალიზმის“ პრინციპებზე დამყარებული, უტოპიური რეჟიმის ჩამოყალიბებას. ამბოხებას ცხოველთა შორის ყველაზე ,,გონიერნი“ – ღორები ხელმძღვანელობენ.  მას შემდეგ, რაც ფერმის ყველაზე ცბიერი ღორი – ნაპოლეონი ერთგული ძაღლების დახმარებით  თავის პოლიტიკურ კონკურენტს – სნოუბოლს ფერმიდან გააძევებს, ღორების პირობები კიდევ უფრო შეიცვლება, ისინი პრივილეგირებულ მდგომარეობას იკავებენ: ფერმერის სახლში ცხოვრობენ, სამზარეულოში გამორჩეულ ულუფას მიირთმევენ, საწოლებში სძინავთ და ა.შ. სხვები კი ქარსა თუ წვიმაში ,,ნათელი მომავლის”- ანუ წისქვილის  მშენებლობაზე მუშაობენ და განახევრებული საკვებით ძლივსღა ცოცხლობენ. რევოლუციის შემდეგ ღორებმა კედელზე დიდად დაწერეს შვიდი კანონი, რომლებიც ფერმის ყველა ბინადარს უნდა დაეცვა. როდესაც ღორებმა თავად დაიწყეს წესების დარღვევა, პარალელურად კანონებმაც დეფორმაცია განიცადა. მიუხედავად ამისა, ღორები მაინც აჯერებდნენ დანარჩენ ცხოველებს, რომ კანონებში არაფერი არ იყო შეცვლილი და მათ მუდამ ახლანდელი სახე ჰქონდათ.

  • ყველა, ვინც ორ ფეხზე დადის, ცხოველის მტერია.
  • ყველა ვისაც ოთხი ფეხი ან ფრთები აქვს, ცხოველის მეგობარია.
  • არცერთმა ცხოველმა არ უნდა ატაროს ტანსაცმელი.
  • არც ერთმა ცხოველმა არ უნდა დაიძინოს საწოლში (შემდგომ დაემატა: თეთრეულიანში).
  • არც ერთმა ცხოველმა არ უნდა მიიღოს ალკოჰოლი (შემდგომ დაემატა: უზომო რაოდენობით).
  • არც ერთმა ცხოველმა არ უნდა მოკლას მეორე ცხოველი (შემდგომ დაემატა: უმიზეზოდ).
  • ყველა ცხოველი თანასწორია (შემდგომ დაემატა: მაგრამ ზოგი უფრო თანასწორია ვიდრე სხვები)

   მას შემდეგ, რაც ნაპოლეონის აბსურდულმა იდეებმა პირველი მარცხი განიცადა, მან  მტრებისა და მავნებლების ძიება დაიწყო. ეს პროცესი იმით დასრულდა, რომ სამმა ქათამმა ყველას წინაშე აღიარა, თითქოს სნოუბოლი მათ სიზმარში გამოეცხადათ და ნაპოლეონის წინააღმდეგ წააქეზა. ბატმა აღიარა, რომ ღამით, ყველასაგან დაფარულად ექვსი თავთავი შეჭამა. ცხვარი კი გამოტყდა, რომ სნოუბოლის წაქეზებით სასმელი წყლის ტბორში მოშარდა. ბელადის ერთგულმა ძაღლებმა, ისინი ადგილზე გაგლიჯეს, რის გამოც ცხოველებში შიშმა დაისადგურა.

  წიგნის უბრალო თვალის გადავლებაც კი საკმარისია მკითხველისთვის, რომ ამოიცნოს თუ რაზე წერდა ორუელი და რა სურდა რომ ეთქვა.  ცხოველები და მოვლენები გაიგივებულია საბჭოთა კავშირში მიმდინარე ამბებთან. ღორი ნაპოლეონი გაიგივებულია სტალინთან, რომელსაც ჰყავს საიდუმლო პოლიცია ძაღლების სახით, არის დიქტატორი და ერთპიროვნული მმართველი. ნაწარმოებში  ცხენები  სიმბოლურად სამ სოციალურ კლასს განასახიერებენ. ქათმები, რომლებიც უკმაყოფილონი არიან იმით, რომ მათი ყველა კვერცხი უნდა გაიყიდოს, ალეგორიულად გლეხებს წარმოადგენენ, რომლებსაც საბჭოთა კავშირში პირადი საკუთრება ჩამოართვეს. გაუნათლებელი და დაბრიყვებული დაბალი ფენის სახით ნაწარმოებში გამოყვანილნი არიან ცხვრები, ხოლო კატები კი კრიმინალური სამყაროსა და რუსული მაფიის წარმომადგენლები არიან. შორს რომ არ წავიდეთ ნაწარმოებში გამოყენებული ისეთი ფრაზები და მიმართებები, როგორებიცაა: ,, ,,ნაპოლეონი ყოველთვის მართალია”, ,, ცხოველთა ძმა“, ,, ცხვართა მფარველი“, ,, ჩვენი ნაპოლეონის ხელმძღვანელობით ექვს დღეში ხუთი კვერცხი დავდე“, ,,რა საუცხოო წყალია ამხანაგ ნაპოლეონის მადლით“ და პლუს ,,ცხოველთა ფერმის“ დროშა, რომელზედაც რომელზეც გამოსახულია გადაჯვარედინებული რქა და ჩლიქი — საბჭოთა სიმბოლოების, ნამგალისა და უროს მსგავსად, კარგად გვიქმნიან საბჭოთა რეზიმის ალუზიას, სადაც არაფერი იყო პიროვნული და ინდივიდუალური, სადაც ყველაფერი კონტროლდებოდა, ფიქრიც კი…

    მართალია, საბჭოთა კავშირი და მისი მანკიერებები ჩვენი წარსულია, რომლისგან მოყოლებულ ჭრილობებს დღემდე ვერ ვიშუშებთ, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც აწმყოა და ორუელის ,,ცხოველთა ფერმას“ თუ ჩვენს თანამედროვეობასთან გავაიგივებთ უფრო უკეთესი იქნეა, რადგან ეს ნაწარმოები სილის გაწვნას გავს, რამაც უნდა გამოგვაფხიზლოს და მოგვცეს სტიმული, არ დავემგვანოთ ,,ცხვრებს“, ,,ცხენებს“, ,,ქათმებს“ და არ დავუმონდეთ ,,ღორებს“…

   პირველი რაც მინდა ვახსენო, ეს ის ეპიზოდია, როცა ცხოველებს წისქვილი დაენგრევათ და ფერმაში სიღარიბე და შიმშილი დაისადგურებს; წიგნში ვკითხულობთ: ,,ნაპოლეონს კარგად ესმოდა, თუ რა სავალალო შედეგი მოჰყვებოდა, გარეთ რომ ნამდვილი ამბავი გაეგოთ. ამიტომ გადაწყვიტა, ბატონ უიმფერის დახმარებით სრულიად საწინააღმდეგო ინფორმაცია გაევრცელებინა.” რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, მსგავსი შემთხვევები ჩვენი ქვეყანის ხელისუფალთაც (თუ უკვე ექს-ხელისუფალთ) გამოუყენებიათ… მაგალითისთვის, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებიც საკმარისია, როცა ხუთი ქვეყნის პრეზიდენტის ჩამოსვლა გახდა აუცილებელი იმ საშინელი სიტუაციის დასაფარად, რაც მაშინ ქვეყანაში ტრიალევდა…

  მეორედ მინდა გავიხსენო ის შემთხვევა, როცა ფერმის დაბნეულ ცხოველებზე, რომელთაც მცირეოდენი პროტესტის გრძნობა უჩნდებათ და კითხვებს სვამენ, იქვე ჩასაფრებული ნაპოლეონის დამქაშები რამდენიმე ფრაზით ახდენენ გავლენას: ,,თუმცა, აწმყო მძიმე იყო, მაგრამ წარსულს, ჯოუნსის დროს, მაინც სჯობდა”. ალბათ, ყველას გვსმენია ცოტატი სახეშეცვლილი ფრაზა უახლოესი წარსულიდან: ,, შევარდნაძის დროს ხომ ჯობია?!”.

    მესამე მსგავსებად  შეგვიძლია ის დავასახელოთ, თუ როგორ იზრდება ფერმაში პროდუქციის წარმოება ორასჯერ, სამასჯერ და ზოგჯერ ხუთასჯერაც კი. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ფერმის მსგავსად  საქართველოშიც ასეთი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება პროდუქტიც და ტურისტთა რაოდენობაც…

  ,,ცხოველთა ფერმისა“ და ჩვენი ქვეყნის თუნდაც ამჟამინდელი მდგომარეობა აბსოლუტურად  თუ არა, თითქმის ყველაფერში ნამდვილად ერთმანეთის მსგავსია… მათი ჩამოთვლა შორს წამიყვანს და მგონი არც საჭიროება უნდა მოითხოვდეს, რადგან მთავარი რითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებიან ისაა რომ , სახელმწიფოს მხრიდან გაკონტროლებული და დათრგუნული ინდივიდი წყვეტს არსებობას და მასთან ერთად სახელმწიფოც ქრება… როცა წიგნის ბოლო ფურცელი დავხურე, მივხვდი რომ მირჩევნია ორეულის ,,ცხოველთა ფერმის“ გაწნული სილის მიერ დატოვებულმა ტკივილმა მეც და ბევრი ჩემნაირიც, უფრო ღრმად დაგვაფიქროს, გაგვააზრებინოს რას ნიშნავს იყო ,,ღორის“ მონა, გართმევდნენ თავისუფლებას ისე რომ ვერაფერს ხვდებოდე, გიკლავდენენ ინდივიდუალიზმს, პიროვნულობას, გხდიდნენ ,,ფუტლიერ“ არსებად… პირადად ჩემთვის ეს ნაწარმოები არის ძალა, სტიმული, რაც ყოველთვის მომცემს იმის საშუალებას, რომ ვიბრძოლო ჩემი უფლებებისა და თავისუფლებისათვის, ვიყო ინდივიდი და არ ვიყო მონა…