Image

 

მართლა არვიცი საიდან უნდა დავიწყო, 93 წელი იმდენ რამეს რამეს იტევს… მე ალბათ, მისი ნახევარიც არვიცი, მაგრამ რაც ვიცი საკმარისია იმისთვის რომ ასე უჰორიზონტოდ მიყვარდეს მისი ღრმა ნაოჭები და დაღლილი თვალები…

მარიამ ბებიას თავადაც არ ახსოვს საკუთარი დაბადების დღე, დრომ თავისი გაიტანა, ალბათ… მაგრამ არასოდეს დაავიწყდება როგორ მოევლინა ქვეყანას მისი ხუთი შვილი, აქედან ორი ტყუპი ძმები, რომლდინაც ერთ-ერთი ჩემი ბაბუაა… რაც თავი მახსოვს მარიამ ბებია სულ ჩემთანაა. არვიცი ჩემი ეგოისტური ხასიათის ბრალია თუ არა, მაგრამ რაღაცატომ მგონია, რომ რადგან მე მისი პირველი შვილთაშვილი ვარ – განსაკუთრებულად ვუყვარვარ… ახლა უკვე ,,დიდი გოგო” ვარ და როცა სოფელში ჩავდივარ მიყვარს ხოლმე მასთან მისვლა, მისი ნაოჭების დათვლა და უკვე მრავალჯერ მოსმენილი ისტორიების თავიდან მოსმენა… მარიამ ბებიას რაღაცნაირი სუნი აქვს, აი, ისეთი სამყაროს რომ მირჩენია და კიდევ, ღრმა და უძირო თვალები… მისი დაკოჟრილი ხელები იმდენ შრომას, გარჯას და სითბოს ინახავს, მთელ ტანში მაჟრიალებს ლოყებზე რომ ჩამომისვამს ხოლმე და დამჭკნარ მკერდზე მიმიხუტებს… ჩემგან განსხვავებით, ის გაზეთს უსათვალოდ კითხულობს და თან მემუსაიფება, მეკითხება როგორ ვსწავლობ, მარიგებს ჭკუას და მავსებს საკუთარი სითბოთი… ხანდახან წინდას ქსოვს ხოლმე, ადრე არ ვაკვირებოდი, მაგრამ ახლა ამაშიც მაოცებს; როგორც წესი მხოლოდ წინდის ტერფს ქსოვს და ყელს -არა; ამბობს, რომ ასე ძაფს ზოგავს და იმ ძაფით კიდევ სხვა წინდას აახლებს… მარიამ ბებიას არაფერი ისე არ ახარებს, როგორც თავისი ხუთი შვილის ნახვა, პატარა ბავშვებივით ეფერება ხოლმე და ეალერსება, თბილისში გათხოვილ გოგოს წერილებს წერს  და ისე ივსებს მისი იშვიათად ნახვის სიცარიელეს…  საერთოდ, მოხუცების თვალებში ჩახედვის მეშინია ხოლმე, როგორც წესი, მათში შიში იგრძნობა, სიცოცხლის დასრულების შიში… აი, მარიამ ბებიას თვალებში კი შიშის გარდა ყველაფერს ამოიკითხავთ… ხუთი შვილის დედას, თითქმის მთელი საუკუნის გამვლელს, ალბათ, აღარ აქვს ადგილი სხეულში სიცოცხლის შეწყვეტის შიშისთვის… საათობით რომ ვისაუბრო, არც დავიღლები და არც სიტყვები დამელევა მასზე სასაუბროდ, უბრალოდ, მგონი, არ უნდა ღირდეს სიტყვებით ამის გაუფერულება… რამენი წელიც არ უნდა გავიდეს, მარიამ ბებია ზუსტად ასეთი, მუდამ იქნება ჩემში და ჩემთან…