Image

        ძნელია, თბილისში ცხოვრობდე და არ იცნობდე იმ ეთნიკურ უმცირესობებს გზაში რომ აგედევნებიან, გათხუპნული სახით გიყურებენ და ხელს გიწვდიან შენგან დახმარების მოლოდინში. ალბათ, გასაკვირიც არაა, რომ მათზე საოცარი წარმოდგენა არასოდე მქონია, უფრო მეტიც, ძალიან მაღიზიანებდა ხოლმე მათი დანახვაც კი…

   მათთან ურთიერთობა პირველად უნივერსიტეტში დავალებული პროექტის მეშვეობით  დავიწყე და ჩემდა გასაოცრად მათზე უამრავი საინტერესო რამ გავიგე. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მე იმის შესახებაც კი არაფერი ვიცოდი, ქურთები, ბოშები, სომხები და აზერბაიჯანლები ასე მკვეთრად განსხვავებული რასა რომ იყო. რაღაცატომ მათ ყოველთვის ერთი სახელის ,,ციგნების“ ქვეშ ვაერთიანებდი. მეორე, რისი გაგებაც ჩემთვის მოულოდნელი იყო, ისაა რომ ბოშებს ჩემი შეხედულების საწინააღმდეგოდ ძალიან დიდი ეროვნული კულტურა ჰქონიათ. მოვისიმინე მათი ჰიმნი, ვნახე დროშა, გავეცანი მათ ისტორიას, რწმენებს, ტრადიციებს, გვაროვნულ წყობილებას და აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი, როგორ შეეძლოთ ამ ჭრელა-ჭრულა კაბების, ზუგზე მოკიდებული ატირებული ბავშვების, მკითხაობის და მომაბეზრებელი მათხოვრობის უკან ასე მიეჩქმალათ საკუთარი დიდი და ღრმა ისტორია…

  ბოშები დედაქალაქის რამდენიმე უბანში ცხოვრობენ. ერთ-ერთი ასეთი ადგილი სამგორის მეტროსადგურის ახლოს მდებარეობს. ქუჩაში გამვლელებს ვეკითხებოდით გზას ბოშების დასახლებისკენ და ისინი კითხვას გვიბრუნებდნენ: „რატომ ეძებთ, რამე მოიპარეს?“. მთავარი ქუჩიდან პატარა ჩიხში შევუხვიეთ, სადაც ხალხი კერძო სახლებში ცხოვრობს. ვერასდროს იფიქრებთ, რომ ამ  საცხოვრებელი კორპუსების უკან, გარაჟებს შორის, არის ვიწრო გასასვლელი, რომელსაც ბოშებით დასახლებული ქუჩისკენ მივყავართ.

   საერთოდ მიმაჩნია, რომ ქართველები ,,ბრტყელი სიტყვების“ მოყვარული ადამიანები ვართ და საქმით არაფერს ვამტკიცებთ, რაღა თქმა უნდა, გამონაკლისი არც მე ვარ და მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მჯეროდა რასისტი არ ვიყავი, ჩემი ქცევით ამას არასოდეს ვამტკიცებდი… პროექტის მეშვეობით, მე ვნახე უკიდურესად გაჭირვებული ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები, რომლების წვიმასა თუ ქარში ცდილობენ ორი თეთრი შეაგროვონ და ოჯახი გამოკვებონ; ვნახე როგორი ძლიერი ქალები არიან ისინი და რამხელა ისტორია აქვთ ერთი შეხედვით უბრალო და მომაბეზრებელ ადამიანებს…  დღეს უკვე ჩემთვის მხოლოდ სიტყვები აღარაა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, განურჩევლად სქესისა, რასისა, კანის ფერისა და რელიგიური შეხედულებისა.  პიროვნულადაც და პროფესიონალურადაც პროექტმა საკუთარ თავში უმარავი თვისებაც აღმომაჩენინა და კიდევ მეტიც შემძინა. საათობით ვიდექით და მათი ნდობის მოპოვებას ვცდილობდით ზამთრის ქარიან ამინდში, მათი ცხოვრების წესის, ისტორიის და ტრადიციების შესახებ რომ ინფორმაცია მიგვეღო, თუმცა ეს ყველაფერი ამად ღირდა. ხვალ ალბათ თბილისის ქუჩებში კვლავ შემხვდებიან  და მეცოდინება, რომ ისინი ზუსტად ჩვენნაირი ადამიანები არიან.    
ისტორია:    ბოშები — ერი. საკუთარ თავს უწოდებენ “რომა”–ს, ხოლო ზოგიერთი ჯგუფები საკუთარ თავს მოიხსენიებენ, როგორც “სინტი”. ბოშები წარმოშობით ინდოეთიდან მომდინარე ეთნიკური ჯგუფია. ცხოვრობენ ევროპის, აზიის, ამერიკისა და აფრიკისა მრავალ ქვეყანაში.
ინგლისელები მათ ტრადიციულად უწოდებენ Gypsies (Egyptians — «ეგვიპტელები»), ესპანელები — Gitanos, ფრანგები — Bohémiens (ბოჰემიელები), Gitans ან Tsiganes, გერმანელები — Zigeuner, იტალიელები — Zingari, ჰოლანდიელები — Heidens (“კერპთაყვანისმცემლები”), უნგრელები — Cigany ან Pharao nerek (“ფარაონის ტომი”), ფინელები — mustalaiset (“შავები”), თურქები — Çingerie, Çingane; ებრაელები — Tso’anim (צוענים) (მომდინარეობს ბიბლიური ეგვიპტური პროვინცია – “ცოანი”–დან). ამჟამად ევროპულ ენებში ფართოდ მკვიდრდება ბოშების ეთნონიმი – “რომა”.
სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემით ბოშათა რიცხვი მსოფლიოში 2,5 – 12 მილიონ ადამიანამდე მერყეობს. ყოფილ საბჭოთა კავშირში მათი რიცხვი ოფიციალური მონაცემით 175,3 ათასი იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს დაახლოებით 20 ათასი ბოშა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ნაცისტებმა დახოცეს.
ბოშები საუბრობენ ბოშების ენაზე, რომელიც რამდენიმე დიალექტად იყოფა. ასევე საუბრობენ იმ ერების ენაზეც, რომელთა შორისაც მომთაბარეობენ და ცხოვრობენ. ისინი ეწევიან მარგინალურ (მარგინალი-მომთაბარე) ცხოვრებას, რაც იმით გამოიხატება რომ ისინი საზოგადოების მიერ გარიყულნი არიან და იძულებულნი არიან რომ მომთაბარე ცხოვრებას მიჰყონ ხელი, რათა ცხოვრებისთვის საჭირო პირობები შეიქმნან. მათ აქვთ საკუთარი დროსა და ჰიმნი.                                         

წყარო: http://www.wikipedia.org/