უკვე მეოთხე სემესტრია თსუ-ში მათ მიერ შემოთავაზებულ საგნებს ასე თუ ისე, როგორღაც გავდივარ… სიმართლე გითხრათ მათი უმრავლესობა არა თუ მომწონს, საშინლად მძაგს კიდეც და საკუთარ თავზე ვბრაზობ თუ რომელიმე მათგანის ლექციაზე მეორედ ამოვყოფ ხოლმე თავს… თუმცა ეს ამჯერად იქით იყოს და ახლა იმ საგანაზე მინდა გესაუბროთ თავი სასიამოვნოდ რომ დამამახსოვრა; საგანი რა, უფრო ზუსტად ლექტორი და მის შემოქმედება მინდაგაგაცნოთ… საგანს ,,ფოტოჟურნალისტიკა” ერქვა, ლექტორს – ნათელა გრიგალაშვილი. პირველივე ლექციაზე ძალიან დაბალი ხმით გვითხრა საკუთარი ,,მისამართი”, თუმცა მე ეს ყველაზე ,,ხმამაღლად” დამამახსოვრდა და სახლში მოსვლისთანავე გადავქექე მისი ინტერნეტსივრცე; სასიამოვნოდ გავოცდი… ქალბატონი ნათელას  ფოტოები გულგრილს ვერავის დატოვებს, საოცარი სიფაქიზით, განსაკუთრებული ხედვით გამოირჩევა, თქვენ როგორც გინდათ ისე გაიგეთ და ჩემს აღფრთოვანებას ისიც იწვევს ქალი რომ გახლავთ…🙂 მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, თავად იხილეთ მისი ფოტოები და თანდართული ინტერვიუ, რომელიც გაზეთ ,,24 საათში” გამოქვეყნდა. 

 

ინტერვიუ: 

,,უკვე თხუტმეტ წელზე მეტია, რაც ნათელა გრიგალაშვილი ფოტოგრაფიაში მუშაობს.

იგი ერთერთია იმ ქართველ ფოტოგრაფთაგან, ვინც აქტიურად იფინება საქართველოს ფარგლებს გარეთ და რამდენიმე სხვა ავტორთან ერთად თანამედროვე ქართულ ფოტოგრაფიას წარადგნეს უკანასკნელი წლების მანძილზე. მისი ნამუშევრები 2010 წლის თბილისის ფოტოგრაფიის ფესტივალის ღამის ჩვენებებშიც იყო ჩართული და ივლისის თვეში არლის საერთაშორისო ფოტოფესტიავლზეც იქნება ნაჩვენები.

ნათელა იღებს სოფელს, სადაც დაიბადა, გაიზარდა და რომელიც 27 წლის წინ დატოვა, როდესაც საცხოვრებლად ქალაქში გადავიდა. სწორედ მას შემდეგ დაიწყო სოფლის გადაღება.

არ უყვარს საკუთარ ფოტოებზე საუბარი და თვლის რომ ფოტოგრაფიას არც სჭირდება ბევრი ლაპარაკი. ამბობს, რომ არაფერს განსაკუთრებულს არ იღებს, უბრალოდ ცხოვრებას, რომელსაც სოფელში ხედავს. “ჩემი სოფელი” ნათელა გრიგალაშვილის ყველაზე მნიშვნელოვანი ფოტოსერიაა – თან ფოტოსერია და თან პასტორალი.

თაგვეთი პატარა სოფელია ხაშურთან ახლოს. ადრე მას თაგუეთი ერქვა იმ მთის გამო, რომელიც თრიალეთის ქედის მხრიდან სოფელს ემიჯნება და გუეთი ჰქვია. მაგრამ დროთა განმავლობაში სოფლის სახელმა ცვლილება განიცადა და თაგუეთი თაგვეთად იქცა – ყველას ჰგონია ეს სოფელში თაგვების სიმრავლის გამო მოხდა.

სოფელი ნელ-ნელა ცარიელდება. მუდმივად მაცხოვრებელი სულ ოციოდე ოჯახიღა შემორჩა.

ძალიან ბევრი წლის წინ, ჩემმა მეგობარმა აპარატი მაჩუქა. ერთ დღეს სოფელშიც მომინდა გადაღება და დავიწყე.

სოფელში ტყუილად, უსაქმოდ არავინ დადის. ვინმე სადმე თუ მიდის, ეს იგი საქმეზე. მე კიდე დავიწყე სოფელში სიარული ჩემი აპარატით, ვუყურებდი, ვათვალიერებდი. ვერავინ ხვდებოდა, რატომ დავდიოდი, უკვირდათ, მეკითხებოდნენ: რას ეძებ? რატომ დადიხარ? მაშინ არც ვპასუხობდი, ვერ ვამხელდი, რომ ფოტოებს ვიღებდი. სახლში იმასაც მეუბნებოდნენ: ნუ დადიხარ აპარატით, სირცხვილია, რას იტყვის ხალხიო… ალბათ, გიჟიც კი ვეგონე მაშინ ყველას.

დღეს უკვე არავინ მეკითხება რას ვაკეთებ. ალბათ აპარატის გარეშე რომ დამინახონ, ის გაუკვირდება სოფელს… აღარც იმას მეკითხებიან, რატომ ვიღებ…

სოფელში სიმშვიდეა. სიმშვიდე და სიჩუმე. იქ ადამიანი მიწასთან ახლოს არის, ბუნებასთანაც. იცის რისთვის ცხოვრობს, რა უნდა გააკეთოს… მეტად სჯერა საკუთარი თავის და უფრო ძლიერიც არის. და გულწრფელიც.

სოფელს იმტომ ვიღებ, რომ მე იქ გავიზარდე. ქალაქში კი არა, იქ ვგრძნობ თავს კარგად. მუდმივად მენატრება იქაურობა. არ მესმის, როდესაც ამბობენ, რომ რთული და მოსაწყენი შეიძლება იყოს სოფელში ცხოვრება. ხანდახან იმასაც მეუბნებიან, რომ ჩემი ფოტოები ტირილის ხასიათზე აყენებს ადამიანებს. ეცოდებათ ისინი, ვისაც ფოტოებზე ხედავენ. ყოველთვის მიკვირს ეს რომ მესმის. სხვის ადგილას რომ ჩემ ფოტოებს ვუყურებდე, ვიტყოდი: მეც მინდა აქ ცხოვრება. ეს საკმარისი იქნებოდა ჩემი ბედნიერებისთვის…

უკვე თხუტმეტი წელი და მეტი გავიდა, რაც ვიღებ. მე სულ ვიღებ და ვიღებ. მეჩვენება, რომ ის ხიბლი, რაც სოფელს ადრე ჰქონდა, ნელ-ნელა იკარგება. ხალხი მიდის, ტოვებს იქაურობას. სოფელი ცარიელდება. ცხოვრება თითქოს, ისე აღარ დუღს. ადამიანებიც იცვლებიან, იცვლება ტრადიციები, ჩვეულებები…

ეს მუკრუჭა მიჰყავთ ბუღასთან. მუკრუჭა ძროხაა, ჟორას და მერის ძროხა. დიდხანს ეძებეს და კარგი საჯიშე ბუღა თაგვეთიდან შორს, ხცისში ძლივს იპოვეს. იქ მოსახვედრად, მტკვრის ნაპირის გასწვრივ რამდენიმე სოფელი და გრძელი გზა იყო ფეხით გასავლელი. ხოდა მივდიოდით ასე – მუკრუჭა, ჟორა, უკან მისი ცოლი მერი – მერის ხცისში ღორიც მიჰყავდა ტახთან – და ბოლოს, მე. მე ვიღებდი.

პატარა რომ ვიყავი, მეკვლეობის ძველი ტრადიცია არსებობდა სოფელში. მეკვლესთვის ოჯახში საგანგებო საჩუქარი მზადდებოდა და ახალი წლის ღამეს სახლში რომ შემოვიდოდა, მას სიმინდით სავსე ტომარაზე აჯენდნენ – ბარაქა რომ ყოფილიყო ოჯახში. ახლა ამას აღარავინ აკეთებს. სამწუხაროდ.

აღდგომის მერე მეშვიდე კვირას, ელიობის დღესასწაულზე, ფული გროვდებოდა და სოფელი ცხვარს ყიდულობდა. ცხვარი დაიკვლებოდა, მოიხარშებოდა, ეკლესიის ეზოში სუფრა გაიშლებოდა და ცხვარი მთელ სოფელზე განაწილდებოდა, ისე რომ ყველას შეხვედროდა ან ხორცი, ან ნახარში. ვინც ეკლესიის ეზომდე ვერ მივიდოდა, მისთვის სახლში მიჰქონდათ მისი წილი”. 

                                                                                ნესტან ნიჟარაძე

Image

 

Image

 

Image

 

Image

 

Image

 

Image

 

Image

 

Image

 

Image

 

Image

 

Image

 

Image

 

Image

 

Image

 

Image

 

Image

 

Image

შეგიძლიათ ესტუმროთ აქ: http://natelagrigalashvili.ge/