Image

 

  ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ დაწერა, ვინ თქვა, მთავარია ის ზუსტად იმას გადმოცემდეს, რასაც მე ვფიქრობ, ან არ ვფიქრობ და დამაფიქრებს, ვამბობ ან არ ვამბობ და მათქმევინებს; მიუხედავად ამისა, როცა   ბანალურ კითხვას მისვამენ  თუ ,,ვინ არის შენი საყვარელი მწერალი” პირველივე წამს გაბრიელ გარსია მარკესი მახსენდება… ამ ადამიანის შემოქმედებას ადრეულ ასაკში გავეცანი, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ვერ გამეგო და ვერ გამეთავისებინა, პირიქით, მისმა საოცრად გულუბრყვილო, მსუბუქმა და მიამიტმა წერის მანერამ წარუშლელი კვალი დატოვა ჩემზე. მიუხედავად იმასა, რომ ,,მარტოობის ასი წელიწადი”  გაბოს ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია, მე მაინც ,,პატრიარქის შემოდგომას გამოვყოფდი”, რომელიც სიმძაფრით და პირდაპირობით  მკვეთრად განსხვავდება მწერლის დანარჩენი შემოქმედებიდან. რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ლიტერატურასაც გააჩნია საკუთარი მოდა, ასე მაგალითად, ერთ დროს მარკესი საუკეთესო მწერლების პირველ ათეულში იკავებდა ადგილს, აი, დღეს კი მისი შემოქმედება არც თუ ისე დიდ მოწონებას იმსახურებს… სხვისი არ ვიცი, მაგრამ მარკესი ჩემთვის იყო, არის და დარჩება საუკეთესო მწერლად, რომლის ნებისმიერ წაკითხულ თუ ჯერაც წაუკითხავ ნაწარმოებს ყოყმანის გარეშე, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხავ…

  დარწმუნებული ვარ გაბრიელ გარსია მარკესის ბიოგრაფიას თქვენც ადვილად მოიძიებთ, მაგრამ მე მაინც გაგიმზადებთ 87 წელში დატეული სიცოცხლის მნიშვნელოვან მოვლენებს🙂

 

   
გაბრიელ ხოსე გარსია მარკესი (Gabriel José García Márquez) დაიბადა 1928 წლის 6 მარტს ქალაქ არაკატაკაში (მაგდალენას დეპარტამენტი, კოლუმბია). ბავშვობაში იზრდებოდა ბებიასთან და ბაბუასთან (დედის ხაზით). სწორედ მათ გააცნეს მომავალ მწერალს ხალხური თქმულებები, ზღაპრები, გადმოცემები, რაც შემდგომ მისი შემოქმედების მთავარ ნაწილად იქცა. ბაბუა, გადამდგარი პოლკოვნიკი, შვილიშვილს გაუთავებლად მოუთხრობდა სამოქალაქო ომის ისტორიებს, სიყმაწვილის დროინდელ ამბებს. “მას დავყავდი ცირკში, კინოში და ერთგვარ ჭიპს წარმოადგენდა, რითაც მაკავშირებდა ისტორიასთან და რეალობასთან”, – იგონებს მწერალი.
1940 წელს, 12 წლის ასაკში, გაბრიელმა სტიპენდია მიიღო და სწავლა დაიწყო ქ. სიპაკირის იეზუიტურ კოლეჯში, ბოგოტიდან 30 კილომეტრზე. 1946 წელს მშობლების დაჟინებული რჩევით შევიდა ბოგოტის ეროვნული უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. აქ გაიცნო მან თავისი მომავალი მეუღლე, მერსედეს ბარჩა პარდო (იქორწინეს 1958 წელს, შეეძინათ ორი ვაჟი – როდრიგო და გონსალესი).
უნივერსიტეტში სწავლა დროზე ადრე შეწყვიტა და 1950 წლიდან ჟურნალისტიკას და მწერლობას მიჰყო ხელი. მასზე დიდი გავლენა მოახდინეს მწერლებმა: ერნესტ ჰემინგუეი, უილიამ ფოლკნერი, ჯეიმს ჯოისი, ვირჯინია ვულფი.
1954 წელს გარსია მარკესი მუშაობას იწყებს როგორც ბოგოტას ყოველდღიური გაზეთის “ელ-ესპექტადორის” რეპორტიორი, მოგვიანებით კი მუშაობს ამავე გაზეთის უცხოეთის კორესპონდენტად რომში, პარიზში, ბარსელონაში, კარაკასსა და ნიუ-იორკში.

მისი პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოები “დამხრჩვალი მეზღვაურის ამბავი” 1955 წელს გამოქვეყნდა გაზეთში, პუბლიკაციების სერიის სახით. წიგნი მოგვითხრობს გემის დაღუპვის ნამდვილ ამბავს, თხრობის პროცესში ამხელს გემზე კონტრაბანდისტული საქონლის არსებობას, რაც ჭარბტვირთიანობის გამო, გემის დაღუპვის მიზეზი ხდება. ამ ნაწარმოებმა საზოგადოების მითქმა–მოთქმა გამოიწვია, რადგან მასში მოთხრობილი ამბავი ეწინააღმდეგებოდა გემის დაღუპვის გამოცხადებულ ოფიციალურ ვერსიას. სტატიებმა ისეთი სკანდალი გამოიწვია, რომ გაზეთი დახურეს, ხოლო ევროპაში კორესპოდენტად გაგზავნილი გარსია მარკესი უფულოდ დატოვა. სწორედ აქედან დაიწყო გაბრიელ–გარსია მარკესის ურთიერთობის დაძაბვა კოლუმბიის ხელისუფლებასთან, რამაც შემდგომში იგი საკუთარ სამშობლოში პერსონა ნონ გრატად აქცია.

1961 წელს გამოვიდა მოთხრობა “პოლკოვნიკს არავინ წერს”, 1966 წელს – რომანი “ავბედითი საათი”.

1967 წელს დაიწერა რომანი “მარტოობის ასი წელიწადი” (ქართულად თარგმნა ელზა ახვლედიანმა). პირველი გამოცემიდან დღემდე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 10 მილიონ ეგზემპლარზე მეტი გაიყიდა. პაბლო ნერუდა წერდა: “შესაძლოა ეს წიგნი ესპანურ ენაზე დაწერილი ყველაზე დიდი აღსარებაა “დონ კიხოტის” შემდეგ”. პერუელი მწერლის ვარგას ლიოსის სიტყვებით: “წიგნმა ლიტერატურული მიწისძვრა განაპირობა”. წიგნი მოგვითხრობს გამოგონილი სოფლის, მაკონდოს (ქ. არაკატაკას მიხედვით, სადაც მარკესმა გაატარა ბავშვობა) მცხოვრებლების რამდენიმე თაობაზე, სოფლის დაარსებიდან უკანასკნელი ბუენდიას დაღუპვამდე. მაკონდო წარმოადგენს ლათინური ამერიკის სიმბოლოს, ხოლო მისი დამაარსებელი ბუენდია თავისი შთამომავლობით – მსოფლიო ისტორიას. წიგნში ნაამბობია მარტოობის იმ ას წელიწადზე, რომელიც თან სდევდა ბუენდიების გვარის წარმომადგენლების ცხოვრებას თაობიდან თაობამდე. ამ რომანით გაბრიელ გარსია მარკესმა რომულო გალეგოს პრემია დაიმსახურა 1972 წელს. 1982 წელს კი მას ნობელის პრემია მიენიჭა ნაყოფიერი ლიტერატურული კარიერისათვის.

1975 წელს გამოვიდა რომანი “პატრიარქის შემოდგომა”, რომლის მთავარი გმირი ამერიკელი დიქტატორის ჰიპერბოლიზებულ სახეს წარმოადგენს. გმირის ხასიათი გადმოცემულია სხვადასხვა თვალსაზრისით.

1981 წელს მარკესმა გამოქვეყნა “გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა”, რომელიც მოგვითხრობს სხვადასხვა მოწმეთა მიერ განსხვავებული კუთხით დანახულ მკვლელობაზე. ამ რომანიდან, გაბომ, როგორც მას შემოკლებით უწოდებენ, დაიწყო მისი მაგიური სამყაროს საძირკვლის ჩაყრა და იმ პერსონაჟების შემოყვანა ამ მაგიურ სივრცეში, რომლებიც წიგნიდან წიგნში მისი ნაწარმოებების უცვლელი პერსონაჟები ხდებიან. გარსია მარკესი საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც ლიტერატურული სტილის – “მაგიური რეალიზმი” წარმომადგენელი, თუმცა მხოლოდ “მაგიური რეალიზმით” მისი კატეგორიზაცია არ შეიძლება. მის ნაწარმოებებში გამოგონილი ამბავი ენაცვლება ნამდვილს. თხრობის მაღალმხატვრულმა მანერამ და წერის გამორჩეულმა სტილმა გაბრიელ–გარსია მარკესი XX საუკუნის ლიტერატურულ სიმბოლოდ აქცია.

1999 წელს გაბოს ექიმებმა დიაგნოზი დაუსვეს – ლიმფური სისხლძარღვების კიბო, ამ მოვლენამ მწერალს მემუარების წერა დააწყებინა. 2000 წელს მთელს მსოფლიოს ელვასავით მოედო ახალი ამბავი, მწერლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რაც გამოწვეული იყო პერუს დედაქალაქ ლიმაში გამომავალ ყოველდღიურ გაზეთში, “ლა რეპუბლიკა”–ში დაბეჭდილი არასწორი ინფორმაციით.

2002 წელს მარკესმა გამოაქვეყნა მისი მემუარების კრებული, რომელსაც სათაურად სამი ესპანური სიტყვა უძღოდა წინ: Vivir para contarla (იცხოვრო, რათა მოყვე). მარკესს მისი მემუარების გამოცემა სამ ტომად აქვს ჩაფიქრებული და ეს წიგნი პირველი ტომია მისი უზარმაზარი ავტობიოგრაფიული შრომისა. გამოცემისთანავე წიგნი ბესტსელერად იქცა ესპანურენოვან სამყაროში. ამ წიგნის 2003 წელს გამოცემული თარგმანი კი – ახალ ბესტსელერად იქცა.

2004 წლის აგვისტოში მარკესმა ჰოლივუდის კინოკომპანია “Stone Village Pictures” მიჰყიდა უფლება საკუთარი რომანის “სიყვარული ჭირის დროს” ეკრანიზაციაზე. კინოსურათის ბიუჯეტმა შეადგინა 40 მილიონი დოლარი. გადაღებები წარმოებდა კარტახენში, კარიბის ნაპირებზე (კოლუმბია). 

რომანები

1962 – ავბედითი საათი (La mala hora)
1967 – მარტოობის ასი წელიწადი (Cien años de soledad)
1975 – პატრიარქის შემოდგომა (El otoño del patriarca)
1981 – გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა (Crónica de una muerte anunciada)
1985 – სიყვარული შავი ჭირის დროს (El amor en los tiempos del cólera)
1989 – გენერალი მის ლაბირინთში (El general en su laberinto)
1994 – სიყვარულისა და სხვა დემონების შესახებ (Del amor y otros demonios)

 წყარო:  http://burusi.wordpress.com/

           
,,100 ადამიანი, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო”

შენიშვნა: მარკესი გარდაიცვალა 18 აპრილს, 2014 წელს.