Image

თვალი გავადევნე შუაღამით,

გამოცნაურება მომერიდა,

მთვარედავსებული, შუბლმაღალი

ევა მოდიოდა ოპერიდან.

კაბის ერხეოდა იალქანი

და ჩემს ოცნებაში აშიშვლებდა,

ფეხქვეშ დათოვლილი ფილაქანი

ფილებს უკვნესებდა კლავიშებად.

განზე გამოხედვით განმერიდა

ხვედრი უდაბნოში წაქცეულის,

დამრჩა ბიბლიური თვალებიდან

შუქი უთვალავი ასწლეულის.

მისი მოსასხამი დაფოთლილი

შრიალს საგალობლად გამოსცემდა

და მე ვზეიმობდი კმაყოფილი –

კვლავ რომ შემძლებია გაოცება.

                          (ოთარ ჭილაძე)