Image

    მახსოვს, მეხუთე კლასში ვიყავი ჩვენი საკლასო ოთახი ერთმა ძალიან ახალგაზრდა მასწავლებელმა, რომ შემოაღო, ხელში გარეკანაფერადებული წიგნი  ეჭირა და მორცხვად გვიყურებდა. ალბათ, ბევრი ჩვენგანის სკოლაში სწავლების დროს ყოფილა მსგავსი შემთხვევები, ახალი მასწავლებელი პირველად რომ  შემოდის და მისგან ყველაფერს ახალს და საინტერესოს ელი, ჩემს შემთხვევაში ეს ასე არ იყო; ის უბრალოდ საინტერესო კი არა,  ყველაფერი იყო რაც დღეს ვიცი და რაც  ოდესმე წამიკითხავს… 

   დღემდე არ ვიცი საიდან იცოდა მან ამდენი, თუმცა ის კი კარგად მახსოვს რა სულგანაბულები ვუსმენდით მის ,,ლექციებს”,  იდგა და გვიყვებოდა ქვიშისფერ ეგვიპტეზე, ათასწლეულებში ჩაკარგულ ფარაონებზე,  ცად აზიდულ პირამიდებზე, მათ მოდარაჯე სფინქსზე, უძველეს შუამდინარეთზე, შუმერებსა თუ ფინიკიელებზე და კიდევ ათასგვარ რამეზე და ჩვენ იმ დროს სულაც არ ვიყავით გაკვეთილზე, თვალებს გვიწვავდა ეგვიპტის მზე, ქვიშა, ვკითხულობდით შუმერულ ტექსტებს, ვაშენებდით სემირამიდას ბაღებს, ვქმნიდით დამწერლობას და ა.შ… სწორედ ამ იდუმალი მასწავლებლის საოცარი გაკვეთილების შემდეგ გადავწყვიტეთ მთელმა კლასმა ( 7 მოსწავლე  ვიყავით ,,მთელ” კლასში🙂 ) ეგვიპტოლოგობა, ისტორიკოსობა თუ არქეოლოგობა; საათობით ვისხედდით ბიბლიოთეკებში, ნაირგვარ ინფორმაციას ვკითხულობდით, ვითხოვდით დამატებით გაკვეთილებს და კიდევ უფრო გვიყვარდებოდა ძველი მსოფლიო ისტორია… წლები გავიდა… სამწუხაროდ სკოლის შეცვლამ მომიწია და ჩემს ეგვიპტოლოგიასაც და საერთოდ ისტორიის სიყვარულს ქვიშა კი არა ნაცარი გადააყარა ახალმა ისტორიის მასწავლებელმა მერიმ…🙂 თუმცა ეს სხვა დროს…🙂

   სწორედ ახლა გვერდით ჩემი კლასელის და საუკეთესო მეგობრის ნაჩუქარი წიგნი მიდევს ეგვიპტის შესახებ და მეღიმება, რადგან ყოველთვის თავის ქნევით ავუვლიდით და ჩავუვლიდით ხოლმე წიგნის მაღაზიებში გამოდებულ ამ წიგნს… მართალია, ჩემი უკიდეგანო აღმაფრენა საზღვრებს დაემორჩილა, მაგრამ  ეგვიპტე მაინც დღემდე რჩება ჩემს საოცნებო ქვეყნად და უბრალო ემოციით ვერასოდეს შევძლებ პირამიდების სურათების (ჯერ მხოლოდ სურათების🙂 ) ნახვას…

   დარწმუნებული ვარ პირამიდებზე ყოველმა თქვენგანმა იცის, თანაც ბევრი რამ, თუმცა ეს ხომ შემი ბლოგია, საჩემოდ შექმნილი და სხვა რომ არაფერი, არ მეპატიება კიდეც ამ თემის უქონლობა… ასე რომ დავწერ მოკლედ, მხოლოდ ჩემთვის და არა იმისთვის რომ ამ თემაზე თქვნი ცოდნა გავამდიდრო.🙂

   არც შეეხება ჩემს ისტორიის ძველ მასწავლებესს: დავით აშოთია, არის ადამიანი, რომლის რჩევით წავიკითხე ყველა წიგნი, რაც წამიკითხავს, გავეცანი საქართველოს და მსოფლიო ისტორიას, ვიწავლე წერა, ჭადრაკი, შევიყვარე პროზა თუ პოეზია, ვიპოვე მომავალი პროფესია, და მარტივად, ყველაფერი ვისწავლე მისგან და მისი დახმარებით…

 ახლა კი ცოტა რამ მსოფლიოს პირველ საოცრებად აღიარებულ ეგვიპტის პირამიდებზე: 

  ქრისტესშობამდე XXVIII საუკუნიდან ეგვიპტეში ფარაონებისთვის განკუთვნილი ძვალშესალაგის -პირამიდის მშენებლობა დაიწყო. პირველი პირამიდა, რომელიც მესამე დინასტიის ფარაონს, ჯოსერს ეკუთვნოდა საფეხუროვანი იყო. მისი არქიტექტორი ფარაონის კარის ხუროთმოძღვარი და პირველი ვეზირი, იმხოტეპი გახლდათ, ხოლო სიმაღლე სამოც მეტრს აღემატებოდა. 

 ჩვენამდე მოღწეულ ასამდე პირამიდას შორის თავისი სიდიადით გამოირჩევა ფარაონ ხეოფსის პირამიდა, რომელიც ქრ.შ-მდე XXVI საუკუნითაა დათარიღებული. თავდაპირველად პირამიდის  სიმაღლე 147 მეტრი იყო, მაგრამ დღესდღეობით მხოლოდ  136 მეტრია. ამ პირამიდის მშენებლობისას ეგვიპტელებმა საოცარი რქიტექტურული  ცოდნა გამოამჟღავნეს, რაც იმაში გამოიხატება, რომ გამოყენებული ლოდები იდეალურად ჯდება ერთმანეთში. აღნიშნულ პირამიდაზე  დაახლოებით 2 300 000 ლოდი დაიხარჯა, ხოლო მშენებლობა 20 წელიწადს გრძელდებოდა. ხეოფსის პირამიდა ერთადერთია იმ შვიდი საოცრებიდან, რომელიც დღემდე  შემორჩა. ის დღესაც ითვლება არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად.

   მესამე პირამიდა, რომელიც გიზის პირამიდების რიცხვს მიეკუთვნება ფარაონ მიკერინასს ეკუთვნის. მისი სიმაღლე 66 მეტრია, გვერდის სიგრძე კი 108 მეტრი. მიკერინასის პირამიდის არქიტექტორი  ხუროთმოძღვარი დებხეინი იყო. 

Image

 

Image

 

Image

 

Image

 

Image

 

Image