Image

ახლა ღრუბლებიდან არ ცრის,

მაგრამ შეწყვეტილი წვიმა

წუხელ გალუმპული ცაცხვის

სველი შტოებიდან ცვივა……

წამლის წვეთებივით ჩემში

კირავს, აკოწიწებს ბზარებს,

წვეთებს გავუწოდე პეშვი,

როგორც წუთისოფლის მგზავრებს.

წარბის შეურხევლად წყნარად

ვდგევარ გაშვერილი ხელით,

სველი შტოებიდან წამლად

წვეთის ჩამოვარდნას ველი.

 

ხეზე მოდარაჯე ელდა

უცებ ააფეთქებს კვირტებს,

ვიღაც მოქალაქე დგება,

ხელში შაურიანს მიგდებს.

თითქოს გადმომასხეს წყალი,

თვალი გავახილე მაშინ……

ასე იაფია წამით

თავის დავიწყება ხალხში?

                    (ოთარ ჭილაძე)