Image

 

     ალბათ, ასეთ თემებს ტერმინის (თუნდაც შემოქმედებითს) ცნების განმარტებით იწყებენ, გამონაკლისი არც მე ვიქნები და და უკვე ათასგზის განმარტებულ ტერმინ კოჰაბიტაციას, კიდევ ერთხელ განვმარტავ.

  კოჰაბიტაცია (ფრანგ. Cohabitation-თანაცხოვრება) –  თავდაპირველად     საფრანგეთში გამოიყენეს. ის გვხვდება ნახევრადსაპრეზიდენტო სისტემებში, მაგალითად, საფრანგეთში, სადაც პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი განსხვავებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იყვნენ.   ეს ყოველივე ,,პოლიტიკურ ენაზე“, ახლა კი ,,ჩვენებურად“ განვმარტოთ.

  დიდი უცნაური ხალხი ვართ ეს ქართველები, როგორც კი შანსი მოგვეცა ახალი სიტყვა შემოგვეტანა ისედაც აფერადებულ ქართულ ენაში, შანსი ხელიდან არ გავუშვით და 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისთანავე ამ ცნებით დავიწყეთ  მისალმებაც კი… არადა სხვამ თუ არა ჩვენ მაინც ხომ ვიცით, რომ ეს კოჰაბიტაციაც ზუსტად ისე გამოგვდის, როგორც ტოლერანტობა, ჰუმანურობა, სხვა და სხვა…

    დღესდღეობით კოჰაბიტაციაზე საუბრობს ყველა: პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტარი და ჩემი მეზობელი ქეთოც კი, რომელსაც ქმართან კოჰაბიტაცია უმნიშვნელოვანეს მიღწევად მიჩნია: სინამდვილეში პრეზიდენტი პრემიერს ლანძღავს, პრემიერი პრეზიდენტს; ერთი პარლამენტარი მუშტი-კრივში ეჯიბრება მეორეს, ვიღაცები მინისტრების დიპლომებს არ აღიარებენ, კიდევ ვიღაცები 19 აპრილს ელოდებიან, ეს ჩვენი კოჰაბიტაცია კი ზის და გველოდება, როდის მოვრჩებით მისი გამოყენებით  ყოყოჩობას…

   ფრანგული დეფინიცია ხომ ყველამ ზეპირად იცის, ახლა ქართულს აღარ კითხულობთ?! მაგალითად, ყველასთვის კარგად ცნობილი სოსო ჯაჭვლიანი ამგვარ განმარტებას გვთავაზობს: ,,კოჰაბიტაცია სომხური სიტყვაა და ქართულად ,,შედებას“ ნიშნავს“ (ესეც ჩვენი ობსცენური განმარტება). 

დასასრულ, კოჰაბიტაციას თანაცხოვრება ვამჯობინოთ, ,,ბრტყელ“ საუბარს-ქმედება, თავის მოტყუებას სიმართლე, ლანძღვას – კრიტიკა, სიძულვილს -სიყვარული, უცხოურს -ქართული და არც თანაცხოვრება და არც სხვა რამ ,,შედებული“ აღარ გამოგვივა ქართველებს…