Image

,ცხოვრების სიმძიმიგან ნახევრად დაზოგილი, ვინც მიუნხენში ცხოვრობს”…ბავარიელი პოეტის ეუგენ როთის ეს გამონათქვამი ზუსტად ასახავს მიუნხენურ ცხოვრების სტილს. 

  მიუნხენი ბავარიის თავისუფალი მხარის დედაქალაქია  1,35 მილიონი მაცხოვრებლით. ის ბავარიის  უდიდესი და გერმანიის სიდიდით მესამე ქალაქია ბერლინისა და ჰამბურგის  შემდეგ. ითვლება ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ, სატრანსპორტო და კულტურულ ცენტრად. მიუნხენს გააჩნია თვითმმართველი თავისუფალი ქალაქის  სტატუსი და წარმოადგენს ზემო ბავარიის ადმინისტრაციულ ცენტრს. 

ქალაქში თავისუფლად შეგიძლიათ დატკბეთ უამრავი ღირსშესანიშნაობით. პირველი, რაც აუცილებლად უნდა ნახოთ ეს მიუნხენის საკათედრო ტაძარი Frauenkirche-ა. Image

ტაძარი გოთიკურ სტილშია აგებული. აქ განისვენებს კაიზერი ლუდგიგ ბაიერი და სამეფო ოჯახის სხვა წარმომადგენლები.  დღეს ტაძარი 4000 მომლოცველს იტევს აქ განლაგებული მერხების გამო. 
ტაძრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა 1468 წელს ჰერცოგ სიგიზმუნდის მიერ. მშენებლობა 1488 წელს დასრულდა. 1944 წელს ტაძარი მნიშვნელოვნად დაზიანდა, დარბაზის თაღები ნაწილობრივ ჩამოინგრა და ტაძარი გაიძარცვა. ომის შემდეგ ტაძარი ეტაპობრივად განახლდა. მისი რეკონსტრუქცია საბოლოოდ დასრულდა 1994 წელს.

 ინგლისური ბაღი

Image

ინგლისური ბაღი არის უდიდესი მსოფლიოს ქალაქებში არსებულ ბაღებს შორის. საუკუნეების მანძილზე ბაღი ცვლილებებს განიცდიდა, მას კვლავ და კვლავ ემატებოდა  ახალი შენობები და გამწვანებები.

 

 ყველაფერი 1789 წელს დაიწყო, როდესაც კიურფიურსტმა კარლ თეოდორემ მდინარე იზარზე პარკის გაშენების ბრძანება გასცა. პროექტი მან ბრიტანელ ბენჯამინ თომპსონს მიანდო, რომელიც ამავე დროს ბავარიის არმიაშიც მსახურობდა. პარკმა მიიღო ინგლისური ბაღის სახელი, რადგან ის მოწყობილია ინგლისურ სტილში.

დღეს ბაღი მნახველებს სთავაზობს თავისუფალი დროის მრავალმხრივად გამოყენებას. ველოსიპედისტების და მორბენალების განკარგულებაშია 78 კილომეტრიანი გზების ქსელი. ფეხბურთის მოყვარულებს მინდვრები ელოდებათ. ულამაზეს ხედს სთავაზობს გასეირნების მოყვარულებს მთა ონოპეროსი, რომელიც პარკს ეკუთვნის. 1972 წელს გაიხსნა იაპონური ჩაის სახლი პარკის სამხრეთით. ის ხელოვნურ კუნძულზეა აშენებული. აქ მუდმივად ტარდება იაპონური ჩაის ცერემონიები. Image

ინგლისურ ბაღში ლუდის ბაღიც არის, რომელიც 7000 ადგილიანია, ზუსტად ჩინურ კოშკთან. ეს თვალშისაცემი შენობა 25 მეტრიანია და 1789 წლით თარიღდება. ის მრავალჯერ დაიწვა და დაზიანდა, მაგრამ ყოველთვის ორიგინალურ ფორმას იბრუნებდა.

Image

Image

Image

Image

 

გერმანული მუზეუმი  

გერმანული მუზეუმს იზარზე განლაგებულ მუზეუმების კუნძულზე ყველაზე მეტი სტუმარი ჰყავს გერმანიაში. ის 1903 წელს დაარსდა ბავარიის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკა-მათემატიკური მიღწევების გამოსაფენად. ათწლეულების მანძილზე მუზეუმს ახალი განყოფილებები შეემატა. მათ შორის არის ექსპონატები ტრანსპორტის, ფიზიკის, ენერგეტიკის, კომუნიკაციის სფეროებიდან.  

Image

 

ძველი პეტერი

წმიდა პეტრეს ტაძარი მიუნხენის ერთ-ერთი სიმბოლოა და ქალაქის უძველესი სამრევლო ტაძარია, რის გამოც ხალხმა მას სიყვარულით ”ძველი პეტერი” შეარქვა. ტაძარი ძველი ქალაქის შემაღლებულ ადგილას, პეტერის მთაზეა აღმართული. უკვე მე-11 საუკუნეში პეტერის მთაზე ამ ადგილას იდგა ტაძარი. საუკუნეების მანძილზე ტაძარი ბევრჯერ გადაკეთდა და გაფართოვდა. ამით აიხსნება ის განსხვავებული სტილის მიმდინარეობები, რაც ტაძრის ინტერიერშია შესამჩნევი. შთამბეჭდავია საუცხოოდ მოოქროვილი საკურთხველი, რომელიც მე-18 საუკუნით თარიღდება, ასევე გრანდიოზული ფრესკები. ტაძრის კოშკზე ასასვლელად 306 საფეხურის ავლაა საჭირო, მაგრამ ეს ნამდვილად ღირს, იმდენად ლამაზი ხედი იშლება ამ სიმაღლიდან მიუნხენის სახურავებზე. კარგ ამინდში ალპების დანახვაც შეიძლება.

Image

 

ახალი რატუშა

ახალი რატუშა აგებულია ფლანდრიული ნიმუშის მიხედვით. შთამბეჭდავი და განთქმულია ზარების რეკვა რატუშის კოშკზე. ეს დღეში სამჯერ ხდება: 11, 12 და 17 საათზე. მიუნხენზე მშვენიერი ხედი აქვს 85 მ.სიმაღლის კოშკს. კოშკზე წვერზე დგას  მიუნხენის კინდლი – პატარა ბერი, რომელიც მიუნხენის დაარსების დროს გვაგონებს. მე-19 საუკუნეში მიუნხენის მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ქალაქის მმართველობისთვის ახალი შენობის აგების საჭიროების გამო 1867 წელს საფუძველი ჩაეყარა ახალი რატუშის მშენებლობას. რადგან ახალ რატუშას მიუნხენის მოქალაქეების განწყობა უნდა გამოეხატა, მშენებლობაში ადგლობრივი ხელოსნები, მხატვრები, მშენებლები იყვნენ ჩაბმული. შენობამ დასრულებული სახე 1881 წელს მიიღო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის პატარა იყო და მალევე გაფართოების სამუშაოებს ჩაეყარა საფუძველი. სრული კომპლექსი დასრულდა 1867-1909 წლებში.

Image

 

ნიმფენბურგის სასახლე

ნიმფენბურგის სასახლე მიუნხენის აღმოსავლეთით მდებარეობს და ევროპის უდიდეს სამეფო სასახლეებს შორისაა. ის მიუნხენის უაღრესად მნიშვნელოვან ღირშესანიშნაობას წარმოადგენს.  ბაროკოს სტილის საუცხოო სასახლე ულამაზესი ბაღებით იზიდავს მნახველებს მთელი მსოფლიოდან. მიუნხენის მოსახლეობისთვისაც ის საყვარელი ადგილია. 

1664 წელს კიურფიურსტმა ფერდინანდ მარიამ ბრძანა სასახლის აგება. ამით მან საჩუქარი გაუკეთა საყვარელ მეუღლეს, რომელმაც ფერდინანდს დიდი ხნის ნანატრი მემკვიდრე მაქს ემანუელი აჩუქა. თავად მაქს ემანუელმა შემდგომში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სასახლის და ბაღის გაფართოვებაში. 

Image
სასახლე დიდი ხნის მანძილზე იყო ვიტელსბახების დინასტიის საზაფხულო რეზიდენცია. ზოგ დარბაზში ბაროკოს სტილის დეკორაციები შენარჩუნდა, სხვები როკოკოს და კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი. ავტორიტეტული არქიტექტორები ჯოვანი ანტონიო ვისკარდი, ლაო ფონ კლენზე და ფრანსუა ქუვილიესი მონაწილეობდნენ სასახლის გაფართოვებაში. უკანასკნელმა შექმნა გრანდიოზული ქვის დარბაზი, რომელშიც იოჰან ბაპტისტ ციმერმანმა ცენტრალური ფრესკა მოხატა. აღსანიშნავია ასევე მეფე ლუდვიგ I-ის მხატვრული გალერეა, ასევე ოთახი, სადაც მეფე ლუდვიგ II დაიბადა. Image
სასახლეში გვერდით ფრთებზე არის ადამიანის და ბუნების საბუნებისმეტყველო მუზეუმი, ფაიფურის მუზეუმი, სადაც ნიმფენბერგის ფაიფურის საწარმოს ნაწარმია გამოფენილი, ასვე საჯინიბოების მუზეუმი. სასახლის უზარმაზარ პარკში მნახველს მრავალი სანახაობა ელის. პარკი 229 ჰა. ფართობისაა და ულამაზესია თავისი სკულპტურებით, ჩანჩქერებით, ტბებით. 
 
ძველი სურათების გალერეა Pinakothek
ძველი პინაკოთეკა არის მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი და უძველესი სურათების გალერეა. ევროპელი ხელოვნების 800-ზე მეტი ნაწარმოები აცოცხლებს ხელოვნების განვითარების გზას შუასაუკუნეების მხატვრობიდან როკოკომდე. ვენეციის ხელოვნება მისი განთქმული ოსტატის ტიციანის მიერაა წარმოდგენილი, ისევე როგორც ნიდერლანდებისა – ფრანს ჰალსის ნამუშევრებით. მუზეუმის მნიშვნელოვანი საგანძურია რუბენსის ნამუშევრები. ასევე აღსანიშნავია ძველი გერმანული მხატვრობა, რომელსაც ალტდორფერი და დიურერი წარმოგვიდგენენ. გალერეის შენობა კი ლეო კლენცეს შემოქმედების ნაყოფია და 1836 წლით თარიღდება. ის არქიტექტურის შედევრად ითვლება. გალერეა მიჩნეულია ასევე რომის, სანკტ-პეტერბურგის და სხვა მუზეუმების ნიმუშად. 1998 წლის მასშტაბური რეკონსტრუქციის შემდეგ ძველმა პინაკოთეკამ ახალი ბრწყინვალება შეიძინა.
Image
 
ალიანც არენა – მიუნხენის ფეხბურთის ტაძარი
მიუნხენის ალიანც არენა არის ფეხბურთის სტადიონი ქალაქის ჩრდილოეთით. სტადიონზე 69.901 მაყურებელი ნაწილდება სამ რიგზე, რომელიც მთლიანად გადახურულია. ქვედა რიგები ძალიან ახლოსაა სათამაშო მოედანთან. ალიანც არენაზე პირველი თამაშები გაიმართა 2005 წელს. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე აქ ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდნენ პორტუგალიის და საფრანგეთის გუნდები. სტადიონის მშენებლობა დაიწყო 2002 წელს, მას შემდეგ რაც მშენებლობას მოსახლეობის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. სტადიონის დათვალიერება შესაძლებელია, როდესაც აქ თამაში არ მიმდინარეობს. 
Image