Image

   ინტერესი ფრიდა კალოს მიმართ არც კი მახსოვს საიდან გაჩნდა, თუმცა როცა მის შესახებ ინფორმაცია მოვიძიე, ნახატები ვნახე და ფილმსაც ვუყურე, ტკივილმოცულს მომინდა თქვენთვისაც მომეთხრო ქალზე, რომელიც ერთდროულად იყო ფოლადივით მტკიცე და პეპლის ფრთებივით ნაზი…

   მაგდალენა კარმენ ფრიდა კალო ი კალდერონი (ესპ. Magdalena Carmen Frieda Kahlo y Calderon) დაიბადა 1907 წლის 6 ივნისს ქალაქ კოიოაკანში, მეხიკოს შემოგარენში. მამამისი, გილერმო კალო, გერმანულ-ებრაული წარმოშობის მხატვარი და ფოტოგრაფი იყო, რომელიც  მექსიკაში ორადეადან (რუმინეთი), გადმოსახლდა. ექვსი წლის ასაკში ფრიდას პოლიომიელიტი გაურთულდა, რის შედეგადაც კიდურების სიმახინჯე შერჩა (მარცხენა ფეხი გაცილებით სუსტი ჰქონდა ვიდრე მარჯვენა). ფრიდა ამას იმით მალავდა, რომ რამდენიმე გრძელ წინდას ერთად იცვამდა. „ფრიდა – ხის ფეხიანი“, – ასე დასცინოდნენ მას თანატოლები. მათ ჯიბრზე ფრიდა დაცურავდა, ფეხბურთსაც თამაშობდა ბიჭებთან ერთად და კრივითაც კი იყო გატაცებული. უშნო ფეხების დასამალად თავიდან შარვლებს იცვამდა, ხოლო მოგვიანებით გრძელ ქვედაბოლოებს. 

Image

   სხვა ხელოვანთაგან განსხვავებით, ფრიდა ადრეული ასაკიდან არ ხატავდა. მან სასწავლებელში მედიცინის განხრით ჩააბარა. თითქოს უბედურება მუდამ თან სდევდა… 1925 წელს ტრამვაისა და ავტობუსის, რომელშიც ფრიდა იმყოფებოდა, შეჯახების შედეგად ამოვარდნილმა რკინის ხელსაჭიდმა მილმა ფრიდას ხერხემალი გაუტეხა და საშოში გაუარა. თუმცა ის გადაურჩა ამ ჭრილობებს და საბოლოოდ სიარულიც შეძლო, მაგრამ პერიოდულმა აუტანელმა ტკივილებმა მას მთელი ცხოვრება გაუმწარა. ამ ინციდენტის შემდეგ, ფრიდა სამედიცინო კარიერას თავს ანებებს და ფერწერას იწყებს. ტილოები, რომლითაც ის საკუთარ განცდებს გამოხატავდა, ხშირად მაყურებელს შოკში აგდებს ქალთა ტკივილისა და მძიმე ცხოვრების  ასახვით. მისი 143 ფერწერული ტილოდან ორმოცდათხუთმეტი ავტოპორტრეტია და ასახავს პერსონალურ სიმბოლიზმს მწვავე ანატომიური მინიშნებებით. მასზე ასევე ზეგავლენა მოახდინა მექსიკელ ინდიელთა კულტურამ, რაც მის ნამუშევრებში მკვეთრი ფერებითა და რეალიზმისა და სიმბოლიზმის ნარევით გამოისახა. 

Image

   22 წლის ასაკში ფრიდა კალომ მეხიკოს ყველაზე პრესტიჟურ ინსტიტუტში ჩააბარა, სადაც ის თავის მომავალ მეუღლეს, ცნობილ მხატვარს დიეგო რივერას შეხვდა.
დიეგო ფრიდაზე 20 წლით უფროსი, მსუქანი და მაღალი კაცი იყო. ფრიდაზე სამჯერ მეტს იწონიდა. მთელი მათი ცხოვრება განუწყვეტელი ომი აღმოჩნდა. ერთად ცხოვრება ძალიან უჭირდათ, მაგრამ არც ცალ-ცალკე შეეძლოთ არსებობა. 

Image

   დიეგომ იცოდა, როგორ მოსწონებოდა ქალებს. შესანიშნავი იუმორის გრძნობა ჰქონდა, მაგრამ პათოლოგიურად ეჭვიანი იყო. ამ დროს თვითონ ფრიდას უმცროს დასთან უღალატა და თან ცოლისთვის არაფერი დაუმალავს. ახალგაზრდა ქალისთვის ეს სასტიკი დარტყმა იყო, რომელიც ნახატში ჩააქსოვა და მასზე ქალის ნატანჯი, დასახიჩრებული სხეული გამოსახა, რომლის გვერდითაც სრულიად გულგრილი მკვლელი იდგა. ამ ღალატის შემდეგ ფრიდამ ჩათვალა, რომ აქვს პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო გატაცებების მორალური უფლება. დაიწყო გაუთავებელი სკანდალები, რადგან დიეგო ცოფიანივით ეჭვიანობდა. საქმე ისაა, რომ კოჭლობისა და ნაკლოვანებების მიუხედავად, ფრიდა ძალიან მომხიბვლელი ქალი იყო და მასთან ურთიერთობის მცირე ხანში ადამიანები მის კოჭლობას ივიწყებდნენ. ცნობილია, რომ მის მომხიბვლელობას კომუნისტი ლევ ტროცკიც ვერ გაექცა. ის დიეგოს მეგობარი იყო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ მეგობრის ცოლი შეყვარებოდა. ზუსტად არავინ იცის, რა მოხდა ტროცკისა და ფრიდას შორის იმ სახლში, სადაც კომუნისტი ლიდერებისა და ბელადების ფრიდას მიერ შექმნილი ნახატები ინახებოდა. მაგრამ ფაქტია, რომ ცოლმა დიდი რევოლუციონერი იქიდან სასწრაფოდ წაიყვანა. პატრონებთან წაჩხუბებული ტროცკები სხვა სახლში გადავიდნენ, სადაც ტროცკი მოკლეს. ფრიდა და დიეგო დაიჭირეს, მაგრამ მალე გაუშვეს. ფრიდას ძალიან უნდოდა, ბავშვი ჰყოლოდა, მაგრამ ავარიით მიღებული ტრავმების გამო ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. სამჯერ დაფეხმძიმდა, ბავშვი კი სამივეჯერ მკვდარი დაიბადა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ბავშვების ხატვა, თანაც უფრო ხშირად – მკვდრების.
ათწლიანი ერთობლივი ცხოვრების შემდეგ, ფრიდამ ვეღარ აიტანა ქმრის გამუდმებული ღალატი და დიეგოს გაშორდა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ყველაფერი თავიდან დაიწყო – ერთმანეთის გარეშე ცხოვრება მათ, უბრალოდ, არ შეეძლოთ. „დიეგო ჩემი შვილია… დიეგო დედაჩემია… დიეგო მამაჩემია… დიეგო მე ვარ, ამბობდა შეყვარებული ცოლი. მათი უთანხმოებანი ხშირად ფიზიკურ შეხლა-შემოხლაშიც გადადიოდა. ფრიდამ ერთხელ აღნიშნა კიდეც, რომ მან ცხოვრებაში ორი უბედური შემთხვევა გადაიტანა – ერთი ავტობუსის ავარიისას, მეორის მიზეზი კი დიეგო იყო, თუმცა მეორე უფრო დიდი აღმოჩნდა…

Image
  1950 წელს მას ხერხემალზე შვიდი ოპერაცია გაუკეთეს და ამის შემდეგ ცხრა თვე საწოლს მიჯაჭვული ებრძოდა სიცოცხლეს… ტკვილებით დატანჯულს ფრიდას არც ეს აკმარა ბედმა და 1952 წელს მას  ფეხის ამპუტაცია გაუკეთდა…

   1953 წელს ფრიდას  პირველი პერსონალური გამოფენა ჰქონდა მშობლიურ მეხიკოში და მიუხედავად დიეგოსა და ექიმის მკაცრი აკრძალვისა, ფრიდა საწოლით მიიყვანეს საგამოფენო დარბაზში… 

  1954 წლის 13 ივლისს 47 წლის  ფრიდა კალო ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. მისი დღიური ასეთი სიტყვებით მთავრდებოდა: „მხიარულად ველოდები წასვლას და იმედი მაქვს, აღარასდროს დავბრუნდები“.
Image

Image

ImageImage