Image

 

 

მე თოვას ვუსმენ ამ თეთრ როიალს,

ამ ცივ სინაზეს მდუმარე ველის,
ცის ანგელოზებს რაც უგლოვიათ,
მოდის დაბლა და ხეებზე მღერის.
დანგრეულ ღრუბლებს რაც დასცდენია,
ხელისგულებზე დნება და მღერის,
იდუმალების თეთრი გენია,
გრილი ნათებით გავსილი ფერი.
შეფრქვეულია ცაზე ქარივით,
აკაციების ფუმფალა ტოტი,
რა სახარელი, რა საყვარელი,
რა დამფარველი სიჩუმე მოდის.
უტყვი ხმაური, რა უცნაური,
რა საცნაური სიჩუმე მოდის,
თეთრდება ჩემი ზღვა და ზღვაური,
თეთრდება გზაც და სამარის ლოდიც…
და გაბრუებულ ბინდში მიცურავს,
ველი თოვლიან თასებით მთვრალი,
ფიფქის ჩურჩულში გადახიზნულა,
ყველა ქუხილი, ქროლვა და ქარი.
ფანტელის ნათელს შეჰკედლებია,
ცის საიდუმლო სერობის ჟინი,
თოვაში ვხედავ შენს ვედრებიან
თვალებს და სული თოვლივით ტირის.
ო, ღმერთო რაა ეს მოლანდება,
ეს მარადისი ჯგვლერთა და მზერა,
თოვაში თითქო თოვლი მაკლდება,
როგორც იმედი და ბედისწერა,
თოვაში თითქო თოვლი მელევა,
ვით საყვარელის ზრუნვა და დარდი,
ო, ჩემთა დღეთა საკვირველება,
ყველა მთას ახლა ნისლივით ასდის…
და იმ თვალებით, ცხოველთვალებით,
ამ თეთრ ტაძარში შემოდის დაღლა,
რაღაც უცნაურ ფერისცვალებით,
განაწვალები დღეები მახლავს,
ო, როგორ მინდა ამ ნათებაში,
შენი ხმა, შენი ღიმილის ფერი,
თორემ ამ თოვლის თეთრი ემბაზი,
ისევ და ისევ საკუთარს მღერის,
თორემ ამ ფერის გრილი ნათება,
ისევ საკუთარ სურვილებს ართობს,
შენი ქართული ხმა მენატრება,
თეთრ უდაბნოში დარჩენილს მარტო.
ვიცი გადივლის თეთრი ქარები,
რძისფერ ზვირთების შფოთი და დავა,
წავა ეს თოვლი, ვით საყვარელი, 
ვით ნაქურდალი ალერსი წავა,
წავა ამ ფერის უცხო ჩვენება,
რომელიც თავის სურვილებს ართობს,
მე კი მე ნეტა რა მეშველება,
ამ გაზაფხულზეც დარჩენილს მარტო.
                                      (ზურაბ გორგილაძე)
წყარო: http://litklubi.ge/