Image

 

 ,,ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენ ქალაქი, ოღონდ ხანდახან არც ვიცით ხოლმე… თვალებზე ქუდჩამოფხატულნი, მხრებაწურულნი მივიპარებით – ვინმემ არ გვიცნოს…” – ამბობს გურამ დოჩანაშვილი, მე კი გეუბნებით, რომ ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენ წიგნი, ოღონდ ხანდახან არ ვიცით ხოლმე…

 საერთოდ, ვთვლი, რომ საჭირო არაა ,,მოდას ავყვეთ” და უფრო განათლებულად წარმოჩენისთვის ხელოვნურად მორგებული ნიღბიდან სხვებს ვურიოთ: ,,წაიკითხეთ დოსტოევსკი, გენალურია” ,,როგორ თუ არ წაგიკითხავს ,,სამოსელი პირველი”, ,,ნუთუ ჰიუგოს ჯერ არ გაცნობილხარ” და ასე შემდეგ; არც იმის მომხრე ვარ გულწრფელად ვურიოთ კარგი წიგნი მეგობარ-ნაცნობებს, რადგან ,,კარგი” მე მაინც პირობით ცნებად მიმანჩია და ყველას საკუთარი საზომი გვაქვს მის დასადგენად; თუმცა ამჯერად ჩემსავე შეხედულებას თამამად ვარღვევ და მთელი გულწრფელობით გირჩევთ წაიკიხოთ ის… არის რაღაცები, რაც ყოველგვარ ,,პირობითობას” სცდება და ყველას აერთიანებს, ეს წიგნი სწორედ ასეთია, ყველა ადამიანისათვის ჰაერივით აუცილებელი…

 თუ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ, წინ მისი ,,პირველწაკითხვის ბედნიერება” გქონიათ, მაგრამ იცოდეთ კი არ გადაფურლოთ, წაიკითხეთ, წაიკითხეთ ,,სამოსელი პირველი”…

 

“მარტო იყო და მაინც იცოდა – ვიღაცას უყვარდა!”

,,აფორიაქებულმა დომენიკომ, როგორც იყო და რომ მოახერხა, ტერეზას უთხრა: “ცოლად წამომყევი, კარგი?” ის კი დომენიკოსაკენ შემობრუნდა, ცალი ხელით დოინჯი შემოიყარა, უკან გადაიხარა, მეორე ხელი კი განცვიფრებულმა მიაშვირა და შიშითაც კი წამოიძახა: 
– გაგიჟდი? ძალიან გინდა, ერთმანეთი დავკარგოთ, ბიჭო?!”

“- თავი გამანებე ერთი…
– ჩვენში ესე? – გული დასწყდა ალექსანდროს.
– “ჩვენში” რა – რომელი ძმაკაცები ვართ მე და შენ.
– ძმაკაცებზე მეტი არა ვართ? – ადამიანები ვართ… “

,,-ადამიანის სიკვდილს რაღად მაყურებინეთ!
მაშინვე მშვიდად უპასუხეს:
-ადამიანი რომ გყვარებოდა.”

“მარტო იყო და მაინც იცოდა – ვიღაცას უყვარდა!”

,,პატრიცია – ძალიან ლამაზი იყო, ოღონდ სახეზე უჭკუობის დამღა აჩნდა…”

,,-კი მაგრამ, როგორ… შეკრთა დომენიკო, – თუკი გვენდობა, უნდა დავახრჩოთ? 
– მააშ.
– კი მაგრამ, როგორ… თუ გვენდობა და ხელს მოგვიმართავს, მადლობის ნაცვლად – უნდა დავახრჩოთ?
– ახლა აგიხსნა ცხოვრების წესი?! – გაიკვირვა ჩიჩიომ…”

“ეს თვითმკვლელობა არ იყო, ეს – ძმათა ხათრით სიკვდილი გახლდათ…”

“-კარგი ქალი?-ამბობდა დუილიო-სადაფივით უნდა იყოს: მთვარეზე ბზინავდეს, მზეზე – ბრწყინავდეს.- სადაფივით კი არა სარდაფივით უნდა იყოს, უსწორებდა ალექსანდრო – ზამთარში თბილი, ზაფხულში გრილი.”

“დუმილის დროსაც მუდამ რაღაცას უნდა ამბობდეს ნამდვილი ქალი. – ხმადაბლა ამბობდა ალექსანდრო.” 

“ჩვენ ყველასა გვაქვს რაიმე დაფარულის აღმოჩენის წრიალა სურვილი…”

,,- ერთ იცოდე, დომენიკო: ის ნიადაგი, სადაც მცენარე–მტაცებელი იზრდება, ცუდია. მცენარის ბრალი კი არაა, მწერებს რომ ხოცავს და ისე იკვებება, ნიადაგის ბრალია, კარგად დაიმახსოვრე ეს დომენიკო.”

,,-განთიადისას ერთ რამეს მივხვდი.
-რას…
-რომ, დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო.
მთლად გაიტრუნა წყვდიადში მგზავრი.
-ასე რომ არა, დაიქცეოდა, ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, დომენიკო, ვეღარ შესძლებდა ბრუნვას, ზოგ-ზოგებისადმი სიყვარული რომ არა. მე ვინ ვიყავი მაშინ, სულ ერთი ბღუჯა ხალხი მებარა, რაღაც ცხრამეტი კაცი, და ჩემისთნა ღარიბ-ღატაკსაც კი გაუჩნდა სადარდებელი; მთლად უცხო კაცმა ავაზაკები გადამირჩინა. დედამიწას კი, სხვებთან ერთად მანუელოს და ზე მორეირას, ჟოაო აბადოს, და მასიმო რომ უვნებლად გაუშვა, იმ ბერიკაცის პატრონს, სწოდერ რომ მხოლოდ სიყვარული ატრიალებს, იცოდე.
-და იმიტომაც სწორედ ისინი დაიღუპნენ არა?- გამწარდა დომენიკო.
-დაიზრდებიან!
-ვინ…
-სხვები.
-როდის…
დაიზრდებიან როცა იქნება.ისიც იცოდე, დომენიკო, ძალიან დიდი განსხვავება არა აქვს იმას, ადრე მოკვდები თუ შედარებით გვიან, რადგანაც ბოლო- მაინც ეგ არის. მთავარია თუ როგორ მოკვდები. და რის ჩადენს მოასწრებ…”

მესამე სადღეგრძელოს შემდეგ ვინსენტეს წინადადებაში სიტყვა “უმორჩილესად” შეიცვალა სიტყვით “ძალიან “- ” ძალიან გთხოვთ, თქვენ, ჩვენო პატივცემულო სენიორ ჯულიო…” მეოთხე მიმართვაში ამოვარდა სიტყვა” სენიორ” – ” გთხოვთ , თქვენ , პატივცელუმო ჯულიო…” მეხუთე სადღეგრძელო ტულიოს სიმღერამ : “ნეტავი ჩიტად მაქცია”-მ დაამშვენა, მეშვიდე სადღეგრძელოს წარმოთქმისთანავე სკამზე იცეკვა თვალებამღვრეულმა ანტონიომ , კბილებში დანაგაჩრილმა , ვინსენტე კი მერვედ ასე გადავიდა სასმისს- ” გთხოვთ , თქვენ , ჩემო ჯულიო..” მეცხრე სადღეგრძელოში დიდის მოწიწებით მოიხსენიეს კარრასკოთა მთელს სახელგანთქმულ გვარში გარდაცვლილთა ხსოვნა , მაგრამ დააყოლეს შეუფერებელი სიმღერა: ” გოგო მიდის მოხვეულში …” საყელოგაღეღილმა ვინსენტემ მეათედ ასე იყვირა : ” ააბა , ჯულიო , თქვენ , ჩემო..” მეთერთმეტე-” ჯულიო , შენ ჩემო…’ მეთორმეტეზე კი პერანგი ჭიპამდე ჩაიხსნა და სასმისი დიდის წვალებით რომ გამოცალა , საპატიო ხელმძღვანელისაკენ ისროლა , კინაღამ თავში მოახვედრა დიდი ფიალა და შეუძახა: _ ვოეე, ჯულიო ! შე ჩემა!!…

“მე გული მტკივა თქვენ რომ შეგცქერით, ოო, ისე მწყინს თქვენი ყოველი უმსგავსობა, მაგრამ მაინც მიყვარხართ, ეჰ რა კარგია, რა შესანიშნავი გრძნობაა რომ იცოდეთ… მეც თქვენსავით ვიყავი ერთ ხანს, მხოლოდ ჩემიანები მიყვარდა, და მერე, ჩემთვის მოულოდნელად, სულში გამეფურჩქნა უცნაური ,სიყვარულის მცენარე – აბა, თუ მიხვდებით, რომელი?
– ყაყაჩო!
– არა, ჩქარა ჭკნება!
– ენძელა!
– ნაზია ძალზე…
– გეორგინი!
– გაფოფრილია…
– ვარდი?
– შაბლონურია…
– აბა რა?
– და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი – ეკლიანი და ეკლებიანი, ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი მისი ყოველი ჩხვლეტა, და აი ახლაც, თქვენ რომ გიყურებთ, ახლა მჩხვლეტს და რომ იცოდეთ როგორ მიყვარხართ … “

,,- შენ, ალბათ, მტრებიც არ გყავს.
– მტრები რატომ უნდა მყავდეს?!
ცუდი ადამიანი კი არ ვარ.
– ეჰ, მართლაც რომ ნეტაი შენ, დომენიკო…”

,,თქვენ… – აირია დომენიკო– თქვენ… გიჟი არა ხართ? 
–არა, გაგიჟდი? – გაეღიმა ალექსანდროს,– არა,ზედმეტად დალაგებულნი, ხანდახან ასეც გამოვიყურებით.”

“… ჩვენ ყველანი, სულყველანი, ადამიანები, უხილავი ქსელით ერთმანეთზე გადაბმულნი ვართ – არც კი ვიცით, ისე. …”

,,…და როგორც იქნა, ნაშუაღამევს, ნამდვილი თოვლიც მოვიდა, ქვაფენილთა სითბოს მომრევი, რბილად ბრჭყვიალებდა ფარნის შუქზე… თოვლი, სიბნელეში ლურჯი, ლურჯი და იქაც, ძალიან შორს, თითქოს მუქი და სპეტაკნარევი, მაინც სპეტაკი, და ირგვლივ ბარდნა… აჰ, როგორ თოვდა ლამაზ-ქალაქში, მსუბუქად იდო სახურავებზე… ერთადერთი ლეპოლდინო დაიძურწებოდა მიმოხვეულ ქუჩებში, ჰაერი იყო ისეთი ლაღი, ისეთი კრიალა, ვეღარ იძახდა იმ თავის სიტყვებს: “ღა-მის…”. თოვდა, პირმოკუმული დაიარებოდა ლეპოლდინო, უცხო სიმართლე ფარფატებდა ირგვლივ, პირველი თოვლის თეთრი სიმართლე… …და ლეპოლდინომ, ღამის მატყუარამ, საათს დროულად დახედა და მაინც კრინტი არ დასცდენია. ეჰ, კარგი იყო, და მაინც ჰქონდა თოვლს მისი სევდა, ფიფქებით შეკოწიწებული, თეთრი, უთქმელი… მარტოკა იყო ლეპოლდინო მორთულ ქალაქში და ფარანი დაუშვა. ეულად დააბიჯებდა სილამაზეში, და გაამაყდა. თავი გადასწია, სახეზე ათოვდა. მხნედ, თამამად დაიარებოდა გათენებამდე, ყოველივე თეთრად გამჟღავნდა, და თითქოს ალაგ-ალაგ დაბზარული ბინდის გასაფანტავად, ლეპოლდინომ ფარანი მოისროლა, ხელები გაშალა, ღრმად შეისუნთქა ლაღი ჰაერი და თვალდახუჭულმა, უცებ იყვირა: “ააგერ, გათენდა და… თოვლი მოვიდაა!”

გადაემა ,,წიგნები” https://soundcloud.com/radio-shokoladi-985fm/tsignebi-samoseli-pirveli