Image

 

   იმიტომ რომ ჰაინრიხ ბიოლი გერმანელი მწერალია და კიდევ იმიტომ, რომ რამდენიმე ,,კომპეტენტურმა” მკითხველმა მირჩია, ერთ დღესაც ,,კლოუნის თვალთახედვა” ჩემს ხელში აღმონდა… 

  ვერ გეტყვით რომ გაწბილებული დავრჩი, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ ,,კლოუნის თვალთახედვამ” მთლიანად მომაჯადოვა; არვიცი რატომ, მაგრამ  უფრო მეტს ველოდი…

   რომანის მთავარი გმირი ჰანს შნირი გახლავთ, რომელიც კლოუნია და მისი ყოველდღიური ცხოვრება მარტოობისა და ტკივილის გრძნობითაა გაჟღენთილი… ის ვერაფრით ეგუება ფსევდომორწმუნეებითა და ყალბი ადამიანებით სავსე ბონს, უემოციო და უგრძნობ დედას, რომელიც საკუთარ ქალიშვილს, ჰენრიეთეს სასიკვდილოდ იმეტებს, რადგან ებრაელები გერმანიის მტრებად მიაჩნია. ჰანსის დედა ქალიშვილს სამხედრო ნაწილში წერს. სადაც ჰენრიეთე დაიღუპება კიდეც, დედა კი ამბობს, რომ მან თავისი ვალი მოიხადა… ამის შემდეგ ჰანსს მშობლებთან უერთიერთობა უწყდება; არანაკლები სიმძაფრით  ახსენდება მთავარ გმირს ის მომენტიც, როდესაც ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარების გამოცდას პატარა ჭორფლიანი ბიჭუნა შეეწირება, იქ მყოფი ადამიანებისგან კი ამაზრზენ ფრაზას გაიგებს: ,,კიდევ კარგი გეროგი ობოლი იყო”…

  ამ აუტანელ, ცარიელ ხალხში ჰანსს ერთადერთი იმედი, ერთადერთი ნათელი წერტილი მარი ჰყავს, რომელთანაც ის 6 წელს გაატარებს, საბოლოოდ კი კლოუნის კლოუნური ბუნებისა და მისი არაკათოლიკობის გამო მარი მას მიატოვებს და ღრმადმორწმუნე ციუპფნერს გაჰყვება ცოლად. მარიმ ხომ არ იცის, რომ ჰანსს ერთადერთი რელიგია აქვს და მას ,,მარი” ჰქვია სახელად… 

  საბოლოო ჯამში, ,,კლოუნის თვალთახედვის” წაკითხვით დრო ნამდვილად არ დამიკარგავს, პირიქით, რაღაცებზე  დამაფიქრა კიდეც და თავისი კვალიც დამიტოვა…  

  • ,,-კათოლიკეები ნერვებს მიშლიან, სინდის-ნამუსი არ გააჩნიათ.

          -პროტესტანტები?

          -საკუთარ სინდის-ნამუსზე იმდენს მიედმოედებიან, დაგაოსებენ.

          -ათეისტები?

           -მოსაწყენი ხალხია, მუდამ ღმერთზე ლაპარაკობენ.

           -თქვენ, თქვენ ვიღა ხართ, შნირ?

            -მე კლოუნი გახლავართ.”

 

  • ხელოვნებაზე ისინი იღებენ ფილმს, ვინც ვან გოგის სურათში ერთ კოლოფ თამბაქოს კი არა, მხოლოდ ნახევარს გაიღებდნენ და შემდეგ იმასაც ინანებდნენ, რადგან მიხვდებოდნენ, რომ თავად მხატვარი მას ერთ საჩიბუხე თამბაქოს ფასად დათმობდა.      
  • მხოლოდ ფიზიკურ სიახლოვეს უბინძურესი ლოთიც კი არ ეძებს მეძავ ქალთან…
  • ამქვეყნად ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისი თანდასწრებითაც ტირილის არ მოგერიდება.