,   622505_485322068147366_1977856960_o2

სუადი-ცოცხლად დამწვარი – წიგნი, რომელიც რეალურ ამბავზეა დაფუძნებული და მე სრულიად შემძრა.

45 წლის ასაკში, ,,ღირსების დანაშაულის” მსხვერპლი და სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი სუადი  გადაწყვეტს მსოფლიოს უამბოს იმ სასტიკი ტრადიციების და ადათ-წესების შესახებ, რომელთა გამოც  ათასობით ქალი დღემდე იღუპება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

წიგნში აღწერილი მოვლენები შემზარავია, იმდენად შემზარავიც კი, რომ მის სინამდვილეს ბოლომდე  ვერ იჯერებ; ვერ იაზრებ, რომ სადღაც შეიძლება მსგავსი სისასტიკე არსებობდეს, მსგავსად ექცეოდნენ ქალებს…

სუადი იხსენებს საკუთარ სოფელს, რომელიც  მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარეობს. ბევრი რამ აღარ ახსოვს, არც სოფელს იცნობს კარგად, რადგან ის ქალია, ქალმა კი ჩქარა და თავდახრილმა უნდა იაროს, თითქოს საკუთარ ნაბიჯებს ითვლის. მან თავი არ უნდა ასწიოს, თვალები აქეთ-იქით არ უნდა აცეცოს, რადგან თუ მისი მზერა კაცისას შეხვდა, მთელი სოფელი „შარმუტას“, ანუ მეძავს, დაუძახებს, რაც ქალის ოჯახისთვის ღირსების შემლახავია და ამ ღირსების აღდგენა მხოლოდ და მხოლოდ ამ ქალის სიკვდილითაა შესაძლებელი, რომელიც აუცილებლად ქალის ოჯახმა უნდა აღასრულოს, სწორედ ამ სასტიკი და გაუგონარი ტრადიციის მსხვერპლია სუადი, ცოცხლად დამწვარი ქალი…

ჩვენ შეგვიძლია თვალები დავხუჭოთ და საკუთარ თავს დავაჯეროთ, რომ მსგავსი ისტორიები ჩვენ გარშემო კი არა, სადმე, მსოფლიოს განაპირა ქვეყნებში ხდება მხოლოდ, თუმცა თუ თვალს გავუსწორებთ სიმართლეს დავგადავხედავთ უახლოეს მოვლენებს,  აშკარად დავინახავთ, რომ ქალები ჩვენ ირგვლივაც მუდმივად განიცდიან ძალადობასა და ჩაგვრას. „ცოცხლად დამწვარი“ მხოლოდ ამაღელვებელი ნამდვილი ამბავი არ არის, ის მოწოდებაცაა და პროტესტიც. ამ წიგნის მიზანია, ერთხელ და სამუდამოდ დაირღვეს ტაბუდადებული დუმილი კაცების მიერ დადგენილი კანონის მსხვერპლად ქცეული ქალების სიკვდილის თაობაზე.

არვიცი როგორ მოვახერხო, რომ დაგანახოთ ის საშინელება, რასაც ამ წიგნის თითოეულ გვერდზე წააწყდებით, ვფიქრობ, უმჯობესია რამდენიმე საათი დაუთმოთ და წაიკითხოთ. სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაში სასიამოვნო კითხვის პროცესს ვერაფრით გისურვებთ!

womanwithhorriblyburnedface

,,რაც თავი მახსოვს, არც თამაში ვიცი რა არის და არც გართობა. ჩემს სოფელში გოგოდ დაბადება წყევლაა. მხოლოდ გათხოვებაა თავისუფლება. სამუდამოდ ტოვებ ამის სახლს და თუნდაც მეუღლე გცემდეს, იქ აღარასოდეს ბრუნდები. თუ გათხოვილი ქალი მამის ოჯახში დაბრუნდა, მას სახელს უტეხს; ქმრის ოჯახის გარეთ დახმარების თხოვნის უფლება არა აქვს, ხოლო მშობლების ვალია, ის მეუღლესთან დააბრუნონ.”

,,ზოგჯერ მის შესათვალიერებლად საკმარისი დრო მაქვს. ეს კაცი და მისი მანქანა მიყვარს! ტერასაზე მყოფი ათას რამეს წარმოვიდგენ: მისი ცოლი ვარ და გავცქერი, როგორ ეფარება თვალს მანქანა, მაგრამ ის საღამოს, მზის ჩასვლისას დაბრუნდება. შინ მოსულს ფეხსაცმელს გავხდი და დაჩოქილი ფეხებს დავბან, როგორც ამას დედაჩემი აკეთებს. ჩაის მოვუმზადებ და ვუყურებ, სახლის ზღურბლთან მეფესავით მოკალათებული, როგორ ეწევა დიდ ჩიბუხს, და ვიქნები ქალი, რომელსაც ქმარი ჰყავს! შემეძლება პარფიუმერიის გამოყენება, სახლიდან მარტო გასვლა და სავაჭრო დუქანში მისვლა, ქმართან ერთად მანქანაში ჩაჯდომა და ქალაქში წასვლაც კი. სახლის ზღურბლზე გადაბიჯებისა და პურის საყიდლად მარტო წასვლის უფლების მოსაპოვებლად, ანუ სულ მცირე თავისუფლების საფასურად, ყველაფერს ავიტან! ამიტომ არასოდეს გავხდები „შარმუტა“ – სხვა მამაკაცებს არასოდეს შევხედავ; გავაგრძელებ სწრაფად, თავაუღებლად, მაგრამ ნაბიჯების დაუთვლელად სიარულს და სოფელი ჩემზე ცუდს ვერაფერს იტყვის – იმიტომ, რომ უნდა გავთხოვდე.”

,,ბევრი რამ აღარ მახსოვს. ჩემი ცხოვრების პირველი ნაწილი სურათების, სატელევიზიო ფილმის მსგავსი უცნაური და ძალადობით აღსავსე სცენებისგან შედგება. მათი ნამდვილობის აღარ მჯერა, თანმიმდევრობითაც კი მიჭირს დალაგება. განა შეიძლება არ გახსოვდეს საკუთარი დის სახელი? ან ძმის ასაკი დაქორწინებისას? მაგრამ არ დამვიწყებია თხები, ცხვრები, ძროხები, პურის საცხობი ღუმელი, სარეცხის რეცხვა ბაღში; კომბოსტოს, ყაბაყისა და პომიდვრის მოსავლის აღება; ლეღვის კრეფა; თავლა და სამზარეულო; საკუჭნაო ხორბლით სავსე ტომრებითა და ქვეწარმავლებით; ტერასა, საიდანაც შეყვარებულს ვუთვალთვალებდი და ხორბლის ყანა, სადაც „ცოდვა“ ჩავიდინე.”

,,მუშაობა რვა-ცხრა წლისას უნდა დამეწყო, ხოლო პირველი მენსტრუაცია ათი წლისას მქონდა. ჩვენში ითვლება, რომ ამ დროიდან გოგონა უკვე „მომწიფებულია“. მე კი სისხლის მრცხვენოდა, ვცდილობდი, არავის გაეგო ეს ამბავი და დედაჩემსაც კი ვუმალავდი. ჩემს სარუალს მალულად ვრეცხავდი,  სიქათქათეს ვუბრუნებდი და მზეზე ისე ვაშრობდი, რომ მამაკაცებს ან რომელიმე მეზობელს არ დაენახა. მაშინ მხოლოდ ორი სარუალი მქონდა. მახსენდება ქაღალდი, რომელსაც იმ წყეულ დღეებში, როდესაც თავს შებილწულად ვგრძნობდი, თავდასაცავად ვიყენებდი. ჩემი უწმინდურობის ნიშანს ყველასგან ფარულად სანაგვეში ვაგდებდი. თუ მუცელი ამტკივდებოდა, დედაჩემი სალბის ფოთლების ნახარშს მასმევდა, თავს მაგრად წამიკრავდა და მეორე დილით აღარაფერი მაწუხებდა. მხოლოდ ეს ერთადერთი წამალი მახსოვს და მას დღესაც ვიყენებ, რადგან მართლაც უებარია.”

,,გვეცვა გრძელი, უსახელო, ბამბისმაგვარი რუხი, ზოგჯერ თეთრი, იშვიათად კი შავი ფერის ქსოვილის კაბები. ეს სქელი ქსოვილი იჩხვლიტებოდა. კაბის საყელო მაღალი, დახურული იყო. ვალდებული ვიყავით მის შიგნით წელიწადის დროის
მიხედვით გრძელსახელოებიანი თხელი ან ფლანელის პერანგი გვეტარებინა.  ზოგჯერ ისე გვცხელოდა, სული გვეხუთებოდა, მაგრამ გრძელი სახელო სავალდებულო იყო. მკლავის ან წვივის ნაწილის გამოჩენა, ან კიდევ უარესი,  პაწაწინა დეკოლტეც კი, ჩვენი სირცხვილი იქნებოდა. ფეხსაცმელი არასოდეს გვცმია, მუდამ ფეხშიშველი დავდიოდით. ფეხსაცმელს ზოგჯერ მხოლოდ გათხოვილი ქალები იცვამენ.”

,,ამ სოფელში ეს ჩვეულებრივი ამბავი, მამაკაცების შემოღებული კანონი იყო. სხვა სახლებშიც ცოლებსა და ქალიშვილებს ყოველდღიურად სცემდნენ. ყოველი მხრიდან ყვირილი ისმოდა. ამიტომ, ცემა, თმის შეჭრა, თავლაში ან ბაგაში დაბმა
არავის უკვირდა. სხვაგვარად ცხოვრება თუ შეიძლებოდა, ვერც კი წარმოგვედგინა.”

,,მამაჩემი მეფეა, ყოვლისშემძლე მამაკაცი, რომელიც ფლობს, გადაწყვეტილებას იღებს, გვცემს და გვაწამებს. სახლის წინ მჯომი მშვიდად ეწევა თავის ყალიონს, სახლში გამოკეტილ ქალებს კი პირუტყვზე უარესად ეპყრობა. კაცი ცოლს იმიტომ
ირთავს, რომ ვაჟიშვილები ჰყავდეს, ხოლო თუ ქალმა მისდა საუბედუროდ, გოგონები გააჩინა, მათთან ერთად მონასავით უნდა ემსახუროს. ხშირად ვუყურებდი ჩემს ძმას, რომელსაც მთელ ოჯახთან ერთად მეც ვაღმერთებდი: „რითი მჯობია? ჩვენ ხომ ერთმა სხეულმა გვშვა…“ პასუხი ამ კითხვაზე არ მქონდა. ასე იყო და ვერაფერს შევცვლიდი. თავდახრილი, უსიტყვოდ
უნდა მოვმსახურებოდით მამასა და ძმას”

,,თვალწინ მიდგას მიწაზე დაფენილ ცხვრის ტყავზე მწოლიარე დედაჩემი. ის მშობიარობს. მის გვერდით, ბალიშზე დეიდაჩემი, სალიმა ზის. დედაჩემისა და ახალშობილის ყვირილის ხმა მესმის. მერე დედაჩემი ბავშვს ტყავში ახვევს და მას
ახრჩობს. ის დაჩოქილია. ვხედავ, როგორ სხმარტალებს ბავშვი, შემდეგ – აღარაფერი. არ ვიცი, მერე რა მოხდა, მაგრამ პატარა აღარ არის. საზარელმა შიშმა გამაოგნა.
მაშასადამე, ის გოგონა იყო და დედაჩემმა დაბადებისთანავე დაახრჩო”

,,ძალიან მინდოდა ქალაქის დათვალიერება. მაგრამ ქუჩაში მიმავალ გოგონებს ვხედავდი, რომლებსაც მოკლე კაბები ეცვათ და წვივები მოუჩანდათ, მე კი მათ ნაცვლად მრცხვენოდა. ახლოს რომ ჩამევლო, მიწაზე დავაფურთხებდი, როგორც
მეძავთან შეხვედრისას… ასე ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი ამაზრზენი იყო. ეს გოგონები მარტონი, მშობლების გარეშე დადიოდნენ ქუჩაში. ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ ისინი ვერასოდეს გათხოვდებოდნენ. არც ერთი მამაკაცი მათ არ
ითხოვდა, რადგან წვივები გამოაჩინეს და ტუჩებზეც წითელი პომადა ესვათ. ვერ ვხვდებოდი, მათ სახლებში რატომ არ კეტავდნენ.”

,,მაშინ არ დავფიქრებულვარ, რომ უწყინარ ჭორაობას, მეზობლების აზრსა და ტყუილსაც კი ნებისმიერი ქალისთვის სავალალო შედეგი შეიძლებოდა ჰქონოდა: მას „მეძავს“ დაუძახებდნენ და ეს სასიკვდილო განაჩენი იყო სხვათა ღირსების
გადასარჩენად.ამას ეწოდება ღირსების დანაშაული, „Jarimat al Sharaf“ და ჩემს ქვეყანაში მამაკაცებს ის დანაშაულად არც მიაჩნიათ.”

,,ქორწილამდე ერთი დღით ადრე, დაღამებისას, დედაჩემი ძველ ტაფაზე ადნობსერთი ლიმონის წვენს, ზეითუნის ზეთს, კვერცხის გულსა და შაქარს. შემდეგ ნურასთან ერთად ოთახში იკეტება. შემთბარი ნაზავი საშოს არეში თმის
მოსაცილებლადაა განკუთვნილი. თმის ყველა ღერი უნდა მოშორდეს. როგორც დედაჩემი ამბობს, საუბედუროდ, ერთიც რომ დარჩეს, მამაკაცი ქალს ზედაც აღარ შეხედავს და იტყვის, რომ ის ბინძურია!”

  ,,მათი სახლი და ეზო კარგად მახსოვს. სახლს გარშემო ქვის გალავანი ჰქონდა. ყველა ელოდა. უეცრად ჩემი სიძე ხელში ზეწრით გამოჩნდა და საზეიმო შეძახილებიც გაისმა. კაცები უსტვენენ, ქალები მღერიან და ტაშს უკრავენ, რადგან
მან ზეწარი გაშალა. ეს სპეციალური ზეწარია, რომელსაც საწოლზე პირველ ღამეს აფენენ. ჰუსეინი მას თეთრი სარჭებით აივნის თოკზე ამაგრებს. ქორწილის დროს ყველაფერი თეთრია, თეთრია ზეწარი და სარჭებიც კი. მხოლოდ სისხლია
წითელი. ჰუსეინი მის სახლთან შეყრილ სოფლელებს ხელს უქნევს და ოთახში შედის. ეს
გამარჯვებაა.
  დაკლული ბატკნის სისხლი, ქალწულის სისხლი, ისევ და ისევ სისხლი. კარგად მახსოვს, ყოველ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულზე როგორ კლავდა მამაჩემი ცხვარს, შემდეგ მის სისხლში ნაჭერს ასველებდა და სახლის ზღურბლსა და ქვის
იატაკს უსვამდა. ამ სისხლიან ზღურბლზე უნდა გადაგვებიჯებინა. პატარაობისას გვაიძულებდნენ გვეყურებინა, როგორ კლავდა მამაჩვენი ქათამს, ბოცვერს, ცხვარსდა დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენთვისაც ისევე შეეძლო კისერი მოეგრიხა,
როგორც ქათმისთვის; სისხლი გამოედინა, როგორც ცხვრისთვის. თავდაპირველად ისე შემეშინდა, რომ თავი დედაჩემის კალთაში ჩავრგე, მაგრამ მან მაიძულა მეყურებინა. მას სურდა მენახა, როგორ კლავს მამაჩემი. უნდა შემშინებოდა და ასე
გავმხდარიყავი ოჯახის წევრი. მეც ყოველთვის მეშინოდა, რადგან სისხლი მამაჩემს განასახიერებდა.”

,, – გუშინ რატომ არ მოხვედი?
   – მოვედი, მაგრამ მოშორებით ვიმალებოდი, მაინტერესებდა, ვინმე სხვასაც ხომ არ ხვდები.
   – მე არავის ვუყურებ..
   – როცა ჩაივლი, ბიჭები უსტვენენ ხოლმე.
   – მე იქით-აქეთ არ ვიხედები, პატიოსანი გოგო ვარ.
   – ახლა უკვე ვიცი. მამაშენს შევხვდი. მალე ვიქორწინებთ“.

,,გარეთ გასვლა აკრძალული მაქვს. ჭიშკარი ჩაკეტილია, მაგრამ ბოსტნის გავლით მინდორში გავდივარ. დიდი ქვა
რამდენჯერმე ჩავირტყი მუცელში, იქნებ სისხლი წამომივიდეს. ჩემთვის არავისაუხსნია, როგორ იზრდება ბავშვი დედის მუცელში. ვიცი, რომ გარკვეული ხნის შემდეგ მუცელში მოძრაობას იწყებს. ფეხმძიმე დედაჩემი მინახავს, ვიცი,
დაახლოებით რამდენ ხანში იბადება, სხვა დანარჩენის შესახებ კი წარმოდგენაც არ მაქვს. რა მომენტიდან არის ბავშვი ცოცხალი არსება?”

,,ეს ჩემი ცხოვრების უკანასკნელი კადრია, ზუსტად და გარკვევით ვხედავ სარეცხს, ჩემს ორ აკანკალებულ ხელს. მისი უკანასკნელი სიტყვები ეს იყო: „არა, განგებ წაისვი, ლაქა რომ დაგეფარა“.
მეტს აღარაფერს ამბობს, ისევ თავდახრილი ვდგავარ, რაკი არაფერს მეკითხება, გულზე ცოტათი მომეშვა.
უეცრად ვგრძნობ, რომ თავზე რაღაც ცივი მევლება. და ჩემს სხეულს მაშინვე ცეცხლი ედება. ცეცხლი ვიგრძენი და კადრებიც აჩქარებით მისდევს ერთმანეთს.  ფეხშიშველი ეზოში სირბილს ვიწყებ, თავში ხელებს ვიშენ, ვყვირი და ვგრძნობ
კაბას, რომელიც სირბილისას ფრიალებს. კაბასაც ცეცხლი უკიდია? ნავთის სუნი მცემს, სირბილში გრძელი კაბა ხელს მიშლის, ფეხებში მედება. შიში ინსტინქტურად ეზოს გარეთ მიბიძგებს. სხვა გამოსავალი არ არის და ბაღისკენ
გავრბივარ. მეტი თითქმის აღარაფერი მახსოვს. ვიცი, რომ ცეცხლმოკიდებული გავრბივარ და ვღრიალებ. როგორ დავაღწიე თავი? გამომეკიდა? თუ ელოდა,  როდის წავიქცეოდი და ცეცხლი გამანადგურებდა?”

,,ჩემი ოჯახის წევრები აღარასოდეს მინახავს. უკანასკნელი, რაც გონებაში ჩამრჩა, არის დედაჩემი, რომელიც საწამლავიან ჭიქას მიწვდის; მამაჩემი, გააფთრებული რომ ურტყამს ხელჯოხს იატაკს და ჩემი ძმა ხილიანი პარკით.”