10744640_797198273681108_34171779_n

თოვლი მოვიდა, მარინა, თოვლი.
არც ისე მკაცრი ყოფილა ღმერთი.
დედოფალივით სუფთას და მოვლილს,
ჩემთვის აგზავნის და მხოლოდ ჩემთვის.

მე თოვლს ველოდი ძალიან დიდხანს,
ცისკენ გარბოდა თვალი თავისით.
და აი, ისიც, მოვა და მკითხავს…
თუმცა, რას მკითხავს თოვლი, რა ვიცი.

მარინა, თოვლი შენი სულია!
და განგებაა გამოგზავნილი,
რომ ამირიოს გზები სრულიად
და გზის ნაპირას დამსვას მგზავრივით.

ვითომ მივდივარ, თორემ ნამდვილად
კი არ მივდივარ, შენ გელოდები.
და თეთრი სივრცე ფიქრს მიადვილებს,
მორთული ნაძვის მწვანე ტოტებით.

და თოვლი, ცივი ქურქით შეფუთვნილს,
თავზე მევლება ქალური თრთოლვით,
მაგრამ მე ვიცი, რომ შენ გეკუთვნი,
გარემოცულიც ამხელა თოვლით.