Le_petit_prince_by_Ivelena

,,პატიებას ვითხოვ ბავშვებისაგან, რომ ეს წიგნი დიდს მივუძღვენი. მე სერიოზული მიზეზი მქონდა ამისთვის: იგი ჩემი საუკეთესო მეგობარია ამქვეყნად. მაგრამ მე სხვა მიზეზიც მქონდა: ამ დიდს ყველაფერი ესმის, ბავშვებისთვის დაწერილი წიგნებიც კი. და კიდევ ერთი მესამე მიზეზიც: იგი საფრანგეთში ცხოვრობს, სადაც მას შია და სცივა. მას გამხნევება სჭირდება. და თუ ყველა ეს საბუთი საკმარისი არ არის, მაშინ მე ამ წიგნს მივუძღვნი ბავშვს, რომელიც ამ სრულასაკოვან ადამიანად იქცა. ყველა დიდი ხომ ბავშვი იყო ოდესღაც (მაგრამ ძალიან ცოტას ახსოვს ეს). ამიტომ მე ასე შევასწორებ ჩემს მიძღვნას: ლეონ ვერტს. როდესაც ის პატარა ბიჭი იყო” – ასე იწყება ნოველა ,,პატარა უფლისწული”, რომელიც იმ იშვიათ ნაწარმოებებშია, მე რომ მრავალჯერ წამიკითხავს ყოველთვის ერთნაირი განცდებითა და ემოციებით. 

პატარა უფლისწული  —  ფრანგი არისტოკრატის, მწერლის, პოეტისა და მფრინავის ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ყველაზე ცნობილი ნაშრომია. ის პირველად 1943  წელს ნიუ-იორკში ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა. საფრანგეთში კი ნოველა მხოლოდ ომის შემდეგ, 1946 წელს  გამოიცა.

პატარა უფლისწული ყველაზე კითხვადი და ყველაზე მეტად თარგმნადი ფრანგულენოვანი  წიგნია. საფრანგეთში ის XX საუკუნის საუკეთესო წიგნად აღიარეს. გადათარგმნილია 250-ზე მეტ ენასა და დიალექტზე (მათ შორის ბრაილზე), მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულია 140-ზე მეტი ეგზემპლარი და წარმოადგენს ყველა დროის ერთ-ერთ მოწინავე ბესტსელერს.

ვისაც ეს ალეგორიული ნოველა წაკითხული ჯერ კიდევ არ გაქვთ გეტყვით, რომ წინ უდიდესი სიამოვნება გელით, ხოლო მათ, ვისაც ჩემსავით მრავალჯერ წაგიკითხავთ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმ ფრაზებს, რომლებიც მე სამუდამოდ დამრჩა მეხსიერებაში.

  • ,,დიდებს რომ უთხრათ “ვარდისფერი აგურისგან ნაგები ლამაზი სახლი დავინახე, რომლის ფანჯრის რაფებზე გერანი ყვაოდა, ხოლო სახურავზე მტრედები დაგოგმანებდნენო”, ვერ მიხვდებიან როგორია ეს სახლი, მათ ასე უნდა უთხრათ: “მე დავინახე სახლი, რომელიც ასი ათასი ფრანკი ღირს”! და მაშინ აღტაცებით წამოიძახებენ, რა მშვენიერი სახლი ყოფილაო!”
  • ადამიანები ჩქარი მატარებლივით დაჰქრიან, მაგრამ თვითონაც არ იციან რას დაეძებენ. ამიტომაცაა, რომ მოსვენება დაუკარგავთ და აქეთ-იქით აწყდებიან.
  • მარტო ბავშვებმა იციან რასაც დაეძებენ.
  • ლამაზი ის არის, რაც არ ჩანს.
  • თვალი ბრმაა. ადამიანი გულით უნდა ხედავდეს.
  • დიდებს ხომ არაფრის გაგება არ შეუძლიათ სხვების დაუხმარებლად. ბავშვისთვის კი ძალიან მომქანცველია ყოველთვის წინასწარ აუხსნას მათ ყველაფერი.
  • ყოველ ადამიანს ის უნდა მოსთხოვო, რისი გაკეთებაც ძალუძს. ძალაუფლება უპირველეს ყოვლისა გონიერებას უნდა ემყარებოდეს.
  • საკუთარი თავის გასამართლება უფრო ძნელია ვიდრე სხვების. თუ შესძლებ, სწორი მსჯავრი დასდო შენს თავს, ნამდვილი ბრძენი იქნები!
  • გზა მუდამ ადამიანების სადგომებისკენ მიემართება
  • სულ პირდაპირ თუ იარე, შორს ვერ წახვალ.
  • გიყვარდეს – ერთმანეთის ყურებას კი არ ნიშნავს, არამედ ხედვას ერთი მიმართულებით.

  •  ადვილია იპოვო მეგობარი, რომელიც მზადაა დაგეხმაროს, უფრო რთულია დაიმსახურო მეგობარი რომელსაც ესაჭიროება ჩვენი დახმარება.
  • ომი არ არის თავგადასავალი, ომი ავადმყოფობაა როგორც შავი ჭირი.

  • – რას აკეთებ აქ? – ჰკითხა მან ლოთს, რომელიც მდუმარედ იჯდა და წინ აურაცხელი ცარიელი და სავსე ბოთლი ელაგა. – ვსვამ, – პირქუშად მიუგო ლოთმა.

    – რატომ სვამ?

    – რომ დავივიწყო.

    – რა უნდა დაივიწყო? – ისევ შეეკითხა პატარა უფლისწული, რომელსაც უკვე ებრალებოდა იგი.

    – დავივიწყო, რომ მრცხვენია, – გაანდო ლოთმა და თავი ჩაქინდრა.

    – რისი გრცხვენია? – შეეკითხა პატარა უფლისწული და ძალიან მოუნდა, რომ დახმარებოდა მას.

    – მრცხვენია, რომ ვსვამ!.. – დაასრულა საუბარი ლოთმა და დადუმდა.

    პატარა უფლისწული დაიბნა.

    „დიდები მართლა უცნაური ხალხია”, – გაიფიქრა მან და განაგრძო გზა.

  • – მილიონი წლებია ყვავილები ეკლებს ისხამენ, მილიონი წლებია ბატკნები ყვავილებს მაინც ჭამენ. ნუთუ სერიოზული საქმე არ არის იმის გაგება, რატომ შრომობენ ყვავილები ეკლების გამოსასხმელად, რომლებიც მათ არაფრად არგიათ. ნუთუ არაფერია ის, რომ ბატკნები და ყვავილები ერთმანეთს მტრობენ? განა ეს უფრო მნიშვნელოვანი და უფრო სერიოზული არ არის, ვიდრე იმ ჩასუქებული წითელი ვაჟბატონის არითმეტიკა? თუ მე ქვეყნად ერთადერთი ყვავილი მეგულება, რომელიც მხოლოდ ჩემს პლანეტაზე ხარობს, და თუ პატარა ბატკანს ერთ მშვენიერ დღეს შეუძლია მოსპოს იგი, ისე რომ არც კი იცოდეს რას აკეთებს, განა ეს მნიშვნელოვანი არ არის?
  • – მე რომ გენერალს ვუბრძანო, ყვავილიდან ყვავილზე პეპელასავით იფრინე, ტრაგედია დაწერე, ან თოლიად იქეცი-მეთქი, და მან ბრძანება ვერ შეასრულოს, ვინ იქნება დამნაშავე, ის თუ მე? – თქვენ, – მტკიცედ მიუგო პატარა უფლისწულმა. – სრული სიმართლეა, – დაუდასტურა მეფემ. – ყოველ ადამიანს ის უნდა მოსთხოვო, რისი  გაკეთებაც ძალუძს. ძალაუფლება უპირველეს ყოვლისა, გონიერებას უნდა ემყარებოდეს. თუ ხალხს ზღვაში გადავარდნას უბრძანებ, რევოლუციას მოგიწყობს. მე უფლება მაქვს მორჩილება მოვითხოვო, რადგან ჩემი ბრძანებები გონივრულია.
  • კვდებიან მხოლოდ იმისთვის, რის გამოც ცხოვრება ღირს
  • ადამიანის ცხოვრება შეუფასებელია, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიქცევით ისე, თითქოს კიდევ არსებობდეს რაიმე უფრო ძვირად ღირებული.

  • ჭეშმარიტი სიყვარული სხვათა გამო სიხარულია.
  • სიგიჟე მხოლოდ მაშინაა ფასეული, როცა ემსახურება სიყვარულს.

    1 Antoine de Saint-Exupéry’s Original Watercolors for The Little Prince

    2 Antoine de Saint-Exupéry’s Original Watercolors for The Little Prince

    3 Antoine de Saint-Exupéry’s Original Watercolors for The Little Prince

    4 Antoine de Saint-Exupéry’s Original Watercolors for The Little Prince

    5 Antoine de Saint-Exupéry’s Original Watercolors for The Little Prince

    6 Antoine de Saint-Exupéry’s Original Watercolors for The Little Prince8 Antoine de Saint-Exupéry’s Original Watercolors for The Little Prince

    11 Antoine de Saint-Exupéry’s Original Watercolors for The Little Prince