Image

 

რა შენი ბრალია,

თუ მამაშენი გალოთდა,

დედაშენი კი სიგიჟის სასწორზე დგას…

კუზად გაზის დეპრესიები და

ყოველ დილით ნევროზის საწოლში იღვიძებ

და შუბლზე თმით მალავ სახეზე ამოსვირინგებულ

ტკივილებს…

ცოდვილი ფიქრები ჯაჭვის რგოლებად

გკიდია ყელზე და უფრო მძიმდები,

და შენს გაჩენას ყოველდღიურად ამადლი ღმერთს…

შემოდგომის ფოტლებივით გაფერადებული ოცნებები

სკამის ფეხებთან აუხდენელად ყრია

და ფანჯრის რაფაზე შემოსკუპული,

ორი თითის მონაცვლეობით ზომავ მანძილს

ჯოჯოხეთიდან ჯოჯოხეთამდე.

შენამდე ამოღწეული

ეზოს ბავშვების ხმაური გახსენებს ნატვრას

და გული გწყდება, რომ არ გერგო წილად ბავშვობა,

განვლილი და გადასალახი დღეების

შემოტევა გაწიოკებს

და სხეულის სამართავ ობიექტში

ერთმანეთის მონაცვლეობით აშუქებ

შავფონიან, ჯვარცმულ კადრებს

და ისევ იწყებ ორი თითით

მანძილის გადათვლას…

მაგრამ რა შენი ბრალია,

თუ მამაშენი ლოთია

და დედაშენი გაგიჟდა?!

ძალიან გთხოვ,

ჩამოდი რაფიდან!

                          ( ბაია ბუიძე )